ამხერი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვნის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. ქვაბლიანის ხეობაში. ზ. დ. 1440 მ, ადიგენიდან 5 კმ. 57 მცხ. (2014).
ა. მდებარეობს ისტ. სამცხეში (ქვაბლიანის თემი). წერილობით წყაროებსა და ძვ. რუკებზე შემორჩენილია სოფლის თავდაპირველი სახელი ავხერი. დასახლების სიძველეზე მიუთითებს მთის ფერდობზე ნაპოვნი კერამ. სადგარი (ძვ. წ. III ათასწლ.). თხემზე შემორჩენილია ნაციხარის კედლები, რ-იც ნაგებია მშრალი წყობითა და კირხსნარით. აქ აკრეფილი კერამიკა ადასტურებს, რომ ეს წინაფეოდ. სიმაგრე მოქმედებდა ადრინდ. ფეოდ. ხანაშიც. ციხის სამხრ.-აღმ-ით განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესიის ირგვლივ ჩანს სასაფლაოსა და გალავნის ნაშთები. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, XVI ს. ბოლოს ა. შედიოდა ახალციხის ლივის უდის რ-ნში და იყო ათკომლიანი სოფელი, სადაც განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მეცხვარეობა, მემინდვრეობა.
ა-ის მკვიდრი მაჰმადიანი ქართველები (მესხები) 1944 შუა აზიაში გაასახლეს. სოფელი აღდგა 1987-იდან. ამჟამად ა-ში ცხოვრობს ხულოს რ-ნიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა. შემორჩენილია შედარებით გვიანდ. პერიოდის მაჰმადიანური სალოცავი.
ლიტ.: ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.
დ. ბერძენიშვილი