ანაბენა (Anabaena), ლურჯ-მწვანე წყალმცენარეთა გვარი.
მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია. გვხვდება ერთეულად ან იშვიათად რამდენიმე რიგად განლაგებული ძაფოვანი წარმონაქმნების – ე. წ. ტრიქომების სახით, რ-ებიც შეერთებულია რბილ, ლორწოვან კორდებად. ცხოვრობენ სხვადასხვა ტიპის წყლებში, ნიადაგში, ნესტიან ადგილას, დამდგარი წყლის პლანქტონში. საქართველოში ცნობილია 33 სახეობა და ფორმა. ფართოდ არის გავრცელებული კოლონ. ფორმა A. flos-aquae, რ-იც ცხოვრობს ტბებისა და წყალსატევების პლანქტონში; მასობრივი გამრავლებისას ხშირად იწვევს „წყლის აყვავებას“, რაც ცუდად მოქმედებს წყალში მცხოვრებ მიკროორგანიზმებსა და თევზებზე.
ქ. ყანჩაველი