ანაკოფია, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი ახლანდ. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ე. წ. „ივერიის მთაზე“ (აფხაზეთი).
ქართ. საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია არაბი სარდლის მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, VIII ს. 30-იან წლებში, როცა არაბთაგან ა-ის აღების ცდა მარცხით დამთავრდა. ა-ის უძველესი ნაგებობანი, მ. შ. თლილი ქვით ნაგები ოთხსართულიანი „რომაული კოშკი“, II–IV სს. უნდა მიეკუთვნოს. VII–VIII სს-ში ა. აბაზგთა სამთავროს პოლიტ. ცენტრი იყო. VIII ს. ბოლოდან ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადების შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. VIII–IX სს-ში ციხის ტერიტორიაზე ააგეს ტაძარი. ამავე ხანისაა ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილი პალატთა ნანგრევები, წყალსატევებისა და სხვ. ნაგებობათა ნაშთები. საქართვ. ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ ა. იყო „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“ (ქართლის ცხოვრება), 1032 ა. ბიზანტიელებმა დაიკავეს.
1074 კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XV ს-იდან ა. თანდათან დაკნინდა. XIV–XV სს-ში ა-ში, ზღვის პირას, მდ. ფსირცხის შესართავთან გენუელებმა ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII ს-ში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ა-ს ზღუდე შემოავლო. XVIII ს-ში ციხე და ზღუდე უქმად იყო.
1875 ა-ის ნანგრევებთან დაარსდა ახალი ათონის მონასტერი, რ-ის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც.
ვახუშტის ცნობით, ა. „იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან“.
ა-ის ტერიტორიაზე 1957–58 ჩატარებულმა არქეოლ. გათხრებმა (ხელმძღვ. მ. თრაფში) ცხადყო, რომ ციხე-ქალაქს 7 ჰა ფართობი ეკავა. გარშემორტყმული იყო კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა, იქვე იყო კოშკები, ბაზილიკური ეკლესია, ჭა და სხვ. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII–XII სს. საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის ნანგრევები, საკირე. ნაპოვნია მინისა და თიხის ჭურჭელი, რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და სხვ. აქვე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.
ლიტ.: А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959; Л е к в и н а д з е В. А., По поводу Анакопийской крепости, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1968, ტ. 25 В; П а ч у л и а В., В краю золотого руна. Исторические места и памятники Абхазии, 2 изд., М., 1968; Т р а п ш М. М., Археологические раскопки в Анакопии в 1957–1958 гг., «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინ-ტის შრომები», 1959, ტ. 30.
ო. ლორთქიფანიძე
პ. ზაქარაია