„ანალიზხელსაწყო“, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრი (სსსც).
ჩამოყალიბდა 1956 თბილისში (იყო საკავშ. ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროსა და საკავშ. აკად. შემადგენლობაში), როგორც ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის საშუალებათა დამოუკიდებელი საკონსტრუქტორო ბიურო. 1967-იდან ეწოდა „ანალიზური ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო“ (ახსსბ). 1974 ამ ორგანიზაციისა და საცდელი ქ-ნის ბაზაზე შეიქმნა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება (სსგ) “ანალიზხელსაწყო“, რ-შიც შედიოდა თბილ. ანალიზური ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (სათავო ორგანიზაცია) საცდელი ქ-ნით, თბილ. ტექ. მომსახურების ცენტრი „ანალიზსერვისი“, ტაქომეტრიის საკონსტრუქტორო ბიურო და ქ-ნა „თბილხელსაწყო“, ქუთაისის სპეც. საკონსტრუქტორო ბიურო „პროექტხელსაწყო“, გორის ქ-ნა „გორიხელსაწყო“ და გორის ანალიზური ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ჯვრისა და მარტვილის ანალიზურ ხელსაწყოთა საცდელი ქ-ნები და სოფ. ჯანხოშის დამხმარე მეურნეობა. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ა.“ უშვებდა ანალიზურ ელექტროქიმ. ხელსაწყოებს: рН-მეტრებს, იონომეტრებს, კონდუქტომეტრებს, იონოსელექტურ ელექტროდებს და სხვ.; ოპტიკურ ანალიზურ ხელსაწყოებს: ფოტომეტრებს, ატომურ აბსორბციულ სპექტროფოტომეტრებს, რეფრაქტომეტრებს, ბოლმზომებს, ჰიდრომეტრებს, ხსნარში მექან. ნაწილაკების განმსაზღვრელ ავტომატ. მრიცხველებს, ფოტოკოლორიმეტრებს და სხვ., აგრეთვე წინასწარი გადახდის გაზის მრიცხველებს და საკომუტაციო კარადებს ელექტრომრიცხველებისათვის. 1990-იდან განხორციელდა გაერთიანების რეორგანიზაცია და მასში შემავალი წარმოებები და ორგანიზაციები დამოუკიდებელ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ. სსგ „ა-ს“ შემადგენლობაში შევიდა თბილ. ანალიზური ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (სათავო ორგანიზაცია), თბილ. ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქ-ნა, ქუთაისის შპს „პროექტხელსაწყო“ და სოფ. ჯანხოშის დამხმარე მეურნეობა. 2000 წ. გაერთიანების საცდელი ქ-ნის ბაზაზე შეიქმნა შპს „ა.“
საბჭ. კავშირის დაშლის შემდეგ „ა-მ“თავისი საქმიანობა განაგრძო საქართვ. მეცნ. აკადემიის, შემდეგ საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში. 2014-იდან კი სტუ-ის დაქვემდებარებაშია. ამჟამად სსსც „ა.“ სტუ-თან ერთად ქმნის „მეცნიერება-წარმოების“ დასრულებულ ციკლს, რაც შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის მეურნეობის სხვადასხვა დარგებისათვის დაამუშაოს, დაამზადოს და წარმოებაში დანერგოს ანალიზური ხელსაწყოები, მოწყობილობები და ავტომატ. სისტემები. სსსც „ა-ს“ სპეციალისტებისა და სამეცნ.-ტექ. ბაზის გამოყენებით ხდება სტუ-ის სტუდენტებთან ლაბორ.-სემინარული მუშაობის ჩატარება, პრაქტიკის გავლა და მათი ამ დარგში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბება. ამჟამად „ა.“ უშვებს ევრ. სტანდარტების შესაბამის ახ. თაობის მიკროპროცესორულ ისეთ ხელსაწყოებს, როგორებიცაა: pH-მზომი, ლაბორატორიული და საყოფაცხოვრებო ნიტრატმზომი, ნიადაგის ავტომატ. ტენმზომი, ჟანგბადმზომი, კონცენტრატმზომი, მიკროდენების გამზომი ხელსაწყო და სხვ.
„ა-ს“ მიერ გამოშვებულ პროდუქციას ფართოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, ენერგეტიკაში, გეოლოგიაში, გემთ-მშენებლობაში, ქიმ., მეტალ., კვების მრეწველობაში, ეკოლ. სამსახურში და სხვა დარგებში. „ა-ს“ პროდუქციამ მრავალ საერთაშ. გამოფენაზე დაიმსახურა ოქროს (31), ვერცხლის (39) და ბრინჯაოს (23) მედლები. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. ხარისხის ნიშნის ოქროს მედალი ბრიუსელში (1995); საერთაშ. ბრილიანტის ვარსკვლავი მექსიკაში (1997); საერთაშ. ოქროს ვარსკვლავი მადრიდსა (2003) და ნიუ-იორკში (2005); საერთაშ. ოქროს მედალი სტამბოლში (2011). დანერგილია „ა-ს“ 500-ზე მეტი გამოგონება, რ-თა უმრავლესობის პატენტი გაყიდულია დსთ-ისა და დას. ქვეყნებში, საზღვარგარეთ იგზავნებოდა გამოშვებული პროდუქციაც.
„ა-ს“ ორ თანამშრომელს (ვ. დოლიძე, ა. ხუციშვილი) ანალიზურ ტექნიკაში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973).
თ. ძაგანია