ანანიაშვილი ნინო ვახტანგის ასული (დ. 19. III. 1963, თბილისი), ბალერინა. საქართვ. (1988), რუსეთის სახ. არტისტი (1995). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1992).
1977-მდე სწავლობდა თბილ. სახელმწ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ. თ. ვიხოდცევა), იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკ. სახელმწ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ. ნ. ზოლოტოვა). 1980–85 მოსკ. დიდი თეატრის წამყვანი ბალერინაა (რეპეტიტორი სსრკ სახ. არტისტი რ. სტრუჩკოვა).
1985–2004 – პრიმა ბალერინა. პარტიები: ოდეტა-ოდილია, მაშა (პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“, „მაკნატუნა“), ფრიგია (ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი“), სილფიდა („შოპენიანა“), რაიმონდა (ა. გლაზუნოვის „რაიმონდა“), ჩელიტა (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი“) ქალიშვილი (დ. შოსტაკოვიჩის „ოქროს ხანა“), კონკია, ჯულიეტა (ს. პროკოფიევის „კონკია“, „რომეო და ჯულიეტა“) და სხვ. (ი. გრიგოროვიჩის, კ. მაკმილანის და მ. ლავროვსკის დადგმებში).
2004-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. ა-ის ცეკვას ახასიათებს პოეტურობა, მომხიბვლელი უშუალობა, ჰაეროვნება, სინატიფე და ლამაზი, დახვეწილი ფორმა.
არის ბალეტის მსახიობთა საერთაშ. კონკურსების – ვარნის (ბულგარეთი, 1980; I პრემია, ოქროს მედალი), მოსკ. IV (1981, „გრან-პრი“) და V (1985; I პრემია და ოქროს მედალი), ჯექსონის (აშშ, მისისიპის შტ., 1986; „გრან-პრი“ და ოქროს მედალი პარტნიორ ა. ლიეპასთან ერთად) ლაურეატი.
1993 მიენიჭა რუსეთის დამოუკ. პრემია „ტრიუმფი“. მონაწილეობდა მოსკ. დიდი თეატრის საგასტროლო სპექტაკლებში საზღვარგარეთ პერსონალურად მიწვეული იყო წამყვანი პარტიების შესასრულებლად ლონდონში, დანიაში, აშშ-ში (ბალანჩინის დასში), უნგრეთში, საფრანგეთში, ფინეთში, იაპონიაში.
დაჯილდოებულია წოდებით „წლის საუკეთესო ქალბატონი“ (აშშ, 1997), პრემიით „ოქროს ქალღმერთი“ (საფრანგეთი, 1999), საქართვ. „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით“ (2010), საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის ორდენით (2002) და სხვა. აგრეთვე დაჯილდოებულია საქართვ. ღირსების ორდენით (2003).
ნ. გუნია