ანანური, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. არაგვის მარჯვ. ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე.
თემის ცენტრი (სოფლები: ა. ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისსოფელი, ციხისძირი,ჭივილაანები). ზ. დ. 900 მ, დუშეთიდან 24 კმ. 336 მცხ. (2014). ა-ში მოქმედებს ღვთისმშობლის მიძინების ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზეა ფეოდ. ხანის ციხესიმაგრე (იხ. ანანურის ციხე). იგი ჩრდ-იდან დარიალის ხეობით მიმავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო (იხ. არაგვის საერისთავო).
XVIII ს. II ნახევარში საქართვ.-რუს. ეკონ. ურთიერთობის გაძლიერების შედეგად ა. ქალაქად იქცა, 1803–21 – მაზრის ცენტრად. ა-ის სამხრ. დას-ით, დაახლ. 5 კმ-ზე, მთის თხემთან, წმ. კვირიკეს შუა საუკ. ხუროთმოძღვრული კომპლექსია. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს კარგად დამუშავებული კლდის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, რ-საც გარსშემოსავლელი – დაბალი თაღოვანი დერეფანი აქვს. შესასვლელი სამხრ-იდანაა. სამხრ.-აღმ.-იდან ეკლესიას მიშენებული აქვს კოშკი, რ-ის პირველი სართულის შესასვლელი ეკლესიის შიგნითა მხრიდანაა მოწყობილი, ხოლო მეორე სართულისა-გარედან, სამხრ. მხრიდან. კოშკი გადახურულია სიპი ქვების ორფერდა სახურავით. ეკლესიის მახლობლად საცხოვრ. და სხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია. კომპლექსს გარს არტყია ოვალური გალავანი, რ-საც შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. ა-ის ახ. უბნის ჩრდ.-დას-ით, ტყით დაფარულ ფერდობზე, მდებარეობს თეთრიგზის ნასოფლარი და სამაროვანი. ტერასებზე შემორჩენილია ნასახლარის ნაშთი და პატარა ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.). ამავე ტერიტორიაზე 1971, 1985, 1988–89 და 1991 ორმო და ქვასამარხების გათხრების დროს გამოვლენილია III–IV და VI–VIII სს. მასალა: თიხის ჭუჭლის ნატეხები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, სარკე, საკინძები, აბზინდები, სარდიონის ბეჭედი, მინის მძივები და სხვ.
ა-ის ზემოთ, საქართვ. სამხ. გზის დას-ით, ფერდობზე, ახ. დასახლ. ტერიტორიაზე მდებარეობს ცივწყაროს სამაროვანი. გათხრების (1983) შედეგად ერთ-ერთ ქვის სამარხში გამოვლინდა VI ს. ბრინჯაოს ბურთულოვანი, ბროწეულისთავიანი, სარდიონისთავიანი და ბრტყელთავიანი საკინძები და სხვ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. ნაპირზე. ძვ. ჟინვალსა და ანანურს შორის მდებარეობს ბებრისციხე.
ლიტ.: რამიშვილი რ., ჟინვალის ექსპედიცია. მიზანი, პირველი შედეგები, პრობლემები, კრ.: ჟინვალი, არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში 1971 – 73 მასალების მიხედვით, თბ., 1983.
ჯ. წიკლაური
ზ. კალანდაძე
დ. მინდორაშვილი