ანასეული, ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლი ოზურგეთში (ანასეულში). 1956 – 63 ა-ში გათხარეს (ხელმძღვ. ლ. ნებიერიძე) ნეოლითური ხანის სამოსახლო ბორცვები – ა. I და ა. II, რ-საც „მიწის ციხეს“ უწოდებენ. მათ შორის მანძილი 1,5 კმ. ა. I-ში ნაპოვნია ადრინდ. ნეოლითის ხანის, ე. წ. უკერამიკო ნეოლითის ქვის იარაღი: საჭრისები, საფხეკები, ისრისპირი და სხვ., რ-თა დიდი ნაწილი (80%) ობსიდიანისაა. ა. II-ის არქეოლ. მასალა უფრო მრავალფეროვანია. ქვის იარაღის (საჭრისები, საფხეკები და სხვ.) 77% კაჟისაა. მრავლად არის რიყის ქვის იარაღი: გახეხილ-გაპრიალებული ცულები (მ. შ. გახვრეტილიც), სათლელები, სატეხები, წერაქვის მსგავსი იარაღი, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები და სხვ. კერამ. ნაწარმიდან აღსანიშნავია პირგადაშლილი, სწორკედლიანი და ბრტყელძირა უყურო ჭურჭლის ნატეხები, რ-თა უმეტესობა შემკულია ტალღისებრი, ჭდეებიანი და ფოსოებიანი ორნამენტით. ა. II განეკუთვნება გვიანდ. ნეოლითურ ხანას.
ლიტ.: ნებიერიძე ლ., ადრენეოლითური ხანის ნაშთები ანასეულიდან, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7; მისივე, დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959.
დ. თუშაბრამიშვილი