ანასეული „ქართლის ცხოვრება“, ამ სახელით ცნობილი იყო საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში დაცული ხელნაწერი წიგნი შიფრით Q – 795.
აღმოაჩინა ი. ჯავახიშვილმა 1913 სოფ. ლამისყანაში, ა. ჯამბაკურ-ორბელიანის სახლში. პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს ხელნაწერი ა. „ქ. ც.“ კი არ არის, არამედ მის საფუძველზე XVII ს. I ნახევარში შედგენილი რედაქცია. ამაზე მიუთითებს მისი ასოების გრაფ. მოხაზულობა და ჭვირნიშანი. ხელნაწერში, გარდა ა. „ქ. ც-ისა“, შეტანილია აგრეთვე 4 მეფის: დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა გიორგის მოკლე ისტორია (ი. ჯავახიშვილმა მას „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის“ თხზულება უწოდა) და „იოანე ზედაზნელის ცხოვრება“. ხელნაწერს აკლია დასაწყისი 50 გვერდი და უკანასკნელი თხზულების (თუ ის უკანასკნელი იყო) ნაწილი. თვით ა. „ქ. ც.“, რ-ის დედანმა ჩვენამდე არ მოაღწია, კახეთის მეფის, ალექსანდრე I-ის მეუღლის, ანა დედოფლის შეკვეთით 1479 – 95 გადაწერილი ნუსხა იყო. ამას გვამცნობს ხელნაწერში დაცული გადამწერის ანდერძი, მოთავსებული დავით აღმაშენებლის ისტორიის შემდეგ. თავის მხრივ ა. „ქ. ც.“ ემყარებოდა „ქართლის ცხოვრების“ XII ს. რედაქციას, რ-იც მთავრდებოდა დავით აღმაშენებლის ისტორიით (ე. ი. 1125 წლით) და რ-შიც ჯერ არ იყო შეტანილი სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, გიორგი III-ისა და თამარის ორი ისტორია და ე. წ. „ასწლოვანი ისტორია“ (ჟამთააღმწერლის თხზ.). ამრიგად, ა. „ქ. ც.“ წარმოადგენდა ყველაზე ძვ. ნუსხას „ქართლის ცხოვრების“ დღემდე ცნობილ ვახტანგამდელ 5 ნუსხას შორის (ანასეული, მარიამისეული, მცხეთური, ჭალაშვილისეული და მაჩაბლისეული). ასევე უძველესი ნუსხაა Q – 795 ხელნაწერი, სადაც შესულია ა. „ქ. ც.“ 1927 ი. ჯავახიშვილმა დაბეჭდა ამ ნუსხის ნაწილი – „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე“.
1942 ს. ყაუხჩიშვილმა მთლიანად გამოსცა ეს ნუსხა. ა. „ქ. ც-ს“ და მის საფუძველზე შედგენილ XVII ს. რედაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს „ქართლის ცხოვრების“ თხზულებათა ტექსტის დადგენისა და კრებულის შედგენის ისტორიის შესწავლისათვის. ხელნაწერში ბევრი ისეთი ადგილია სწორად გამართული, რაც სხვა ნუსხებში დამახინჯებულია.
ლიტ.: შოშიაშვილი ნ., „ანასეული ქართლის ცხოვრების“ პირის გადაწერის თარიღი, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 5, თბ., 1975; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8).
ნ. შოშიაშვილი