ანგელოზი

ანგელოზი (ბერძნ. angelos – მაცნე), ბიბლიაში ღვთის მაცნე, ღვთის ნებისა და გადაწყვეტილების შემტყობინებელი ადამიანთათვის.

ზეციური იერარქიის უქვემოესი მწყობრის არსებათა ზოგადი სახელი (იხ. დიონისე არეოპაგელის „ზეციური იერარქიისათვის“). საბას განმარტებით: „მომთხრობელი, გინა ქადაგი. ესე არს არსება გონიერი, უნივთო, უსხეულო, დასაბამიერი და დაუსრულებადი, სული ნათელი და მსწრაფლ მიმდრეკი წინაშე ღვთისა მდგომელი“. ხალხ. ქრისტიანობაში, განსაკუთრებით აღმ. საქართველოს მთიანეთში, ა. საზოგადო სახელია სალოცავი არსებებისა (წმინდანთა, ჯვარ-ხატთა, ღვთისშვილთა), რა სახელსაც არ უნდა ატარებდნენ ისინი: წმ. გიორგი, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი მიქაელი, კოპალა, კვირია... მაგ.: „ხვთის კარზე შავიყარენით ანგელოზები თავნია...“ (ვარიანტი – „ხთის კარზე შევიყარენით სამოცდასამი ჯვარია“). ქართ. ენაში ა. ზნეობრივად და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანის მნიშვნელობით არის დამკვიდრებული.

ლიტ.: კიკნაძე ზ., ქართლის მოქცევის ანდრეზული ვარიანტები, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1982, № 1; სახოკია თ., ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი, თბ., 1979.

ზ. კიკნაძე