ანდრაპი

ანდრაპი, ისტორიული სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, მდ. ქციის მარჯვ. ნაპირზე, ისტ. თრიალეთში. ახლანდ. სოფ. საყდრიონში.

სოფელში თვალსაჩინო ადგილებზე დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები – სხვადასხვა სიდიდისა და სახის 7 დარბაზული ეკლესია. ზოგი კარგადაა შემონახული, ზოგი - დანგრეულია. ყველაზე დიდი ეკლესიის ირგვლივ ძვ. ქართ. სასაფლაოს ნაშთია, სადაც დღემდეა შემონახული 2 ქვის ცხენი და საფლავის ქვა, რ-ზედაც გუთნეულია გამოსახული. ქართ. წარწერა შემორჩა მხოლოდ ერთ, სოფლის თავში აღმართულ პატარა, გეგმით ოთხკუთხა ეკლესიას. იგი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ალგეთის ქვით, კამარა გადახურულია ლორფინებით. საკურთხეველში ორი ღრმა ნიშია, რ-ებიდანაც შეიძლება მოხვედრა სამალავსა და სახურავზე. აღმ. სარკმელი შემკულია ლამაზი ჩუქურთმით, შესასვლელი სამხრ-იდანაა.

კარისთავის დიდ ქვაზე ამოკვეთილ ხუცურ წარწერაში მოხსენიებულია მიქელ კათალიკოსი (ამოიკითხა ექვთიმე თაყაიშვილმა), იგი ისტ. პიროვნებაა და XV ს-ში მოღვაწეობდა. სოფელში შემორჩენილია აგრეთვე დიდი, გეგმით ოთხკუთხა ორსართულიანი ნაგებობის ნაშთი, სავარაუდოა, რომ ეს ერისთავთა სასახლე იყო.

ლიტ.: ჩიქოვანი თ., თრიალეთი, თბ., 1976; Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.

დ. ბერძენიშვილი