ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში – სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა თუ ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში „ანდაზა“, სვანეთში – „ჰარაკი“. ა. სახელმძღვანელო ნიმუშად მიაჩნდათ. იგი ჩვეულებითი სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, თავისებური სასამართლო პრეცედენტი იყო. ბჭეების გადაწყვეტილების განსამტკიცებლად და ა-ის დასამახსოვრებლად მესისხლეთა შემრიგებლებისგან სპეც. პირებს ნიშნავდნენ, რ-თაც „ანდრეზის შესანახი“ გასამრჯელო ეძლეოდათ.
ლიტ.: სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949, გვ. 10; ხარაძე რ., ხევსურული რჯული, «ანალები», 1947, [ტ.] 1, მისივე, ხევსურული ანდრეზი - ხალხური სამართლის წყარო, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2.
ი. ფუტკარაძე