ანდრია პირველწოდებული

ანდრია მოციქული

ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძნ. Andreias – „სიმამაცე“), ქრისტიანული ტრადიციით ქრისტეს მოწაფეთაგანი (იხ. მოციქულები).

წარმოშობით გალილეელი, ბეთსაიდელი. როცა თავისი თავდაპირველი მოძღვრისაგან, იოანე ნათლისმცემლისაგან, გაუგონია ქრისტეს მიმართ თქმული „აჰა, ტარიგი ღმრთისა“, იგი დაუყოვნებლივ შესდგომია ქრისტეს და მისთვის „რაბი“ (მოძღვარი) უწოდებია. სახარებაში ა. მ-ს ვხვდებით რჩეულ მოწაფეთა – სიმონ-პეტრეს, იაკობსა და იოანესთან ერთად (მარკოზი, 13,3). XI ს-იდან ა. მ. საქართველოში ცნობილია როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ორიგენეს (II – III სს.) ა. მ. სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი.

VIII – IX სს. ბიზანტიურ მწერლობაში ა. მ. პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ა. მ-ის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (763–838) ეკუთვნის. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული, თავად ის კი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ა. მ-ის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნ. მწერლობაში IX ს. II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X – XI სს-ში.

ამ წყაროზე დაყრდნობით ქართ. ძეგლებში ცნობას ა. მ-ის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელთან (XI ს. II ნახ.) ვხვდებით. ის საქართვ. ეკლესიის დამფუძნებლად ა. მ-ს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართ. ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა. შემდეგში ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმ. ნინოს მქადაგებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას განმარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლ. კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა. ამის წყალობით ეს აზრი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში და ჭეშმარიტად ითვლებოდა. (ი. ჯავახიშვილი). ქართ. წერილობითი ტრად. თანახმად, ა. მ-ის სამოციქულო გზაზე ძევს ტრაპიზონი, „რომელ არს სოფელი მეგრელთა“, საიდანაც წასულა ქვეყანაში, „რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“. ყოფილა კლარჯეთსა და სამცხეში, სადაც ერთ-ერთ მთაზე აღუმართავს რკინის ჯვარი (და დასაბამი მიუცია დღემდე არსებული ტოპონიმისათვის); დამდგარა სოფ. ზადენ-გორში, სადაც ხატის ძალით შეუმუსრავს კერპები, სამცხეში ქრისტეს რჯულზე მოუქცევია მესხი დიდებულის ქვრივი სამძივარი და უჩვენებია მესხებისათვის ძალი ღვთისმშობლის ხატისა, რ-ის წყალობითაც გაუცამტვერებია არტემიდას და აპოლონის კერპები.

სრულიად მესხთა და სამძივარის თხოვნით დაუტოვებია მათ ქვეყანაში „ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა [აწყვერის] ღვთისმშობლისა, პირსა ზედა დადებით გამოსახული“. ყოფილა სვანეთში, გაუვლია მთელი აფხაზეთი და აქედან გადასულა ჯიქეთს, სადაც ვერ გაჭრა მისმა ქადაგებამ, რადგან აქ ყოფილა ხალხი „ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უძღებნი“.

ა. მ-მა მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. გადმოცემით, მას ხეზე მიბმულს აღმოხდომია სული. სხვა ტრადიციით, ისიც ჯვარზე გაუკრავთ თავის ძმასავით, ოღონდ განსხვავებული სახე ჰქონია მის ჯვარს (ე. წ. ანდრიას ჯვარი). თქმულების მიხედვით, იგი ჯვარზეც არ დადუმებულა, იქიდანაც ქადაგებდა ოთხ დღეს და ოთხ ღამეს, და ვინაიდან მილურსმული არ ყოფილა, ტანჯვაც გახანგრძლივებია. იერონიმეს ცნობით, 357 კონსტანტინე II-ს ა. მ-ის ნეშტი პატრასისიდან, მისი მოციქულობის საბოლოო ადგილიდან, კონსტანტინოპოლში გადმოუსვენებია ამავე ხანიდან დღესასწაულობს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის დღეს (30 ნოემბერი).

წყარო: ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მათე, 4. 18; 10, 2; მარკოზი, 1, 20; 3, 18; 13, 3; ლუკა, 6, 14; იოანე, 1, 14; 1, 40; 1, 44; 6, 8; 12, 22, თბ., 1963; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955, გვ .38–42

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულის და წ-ა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 6.

ზ. კიკნაძე