ანდრიაშვილი აკაკი კირილეს ძე [4. XI. 1904, სოფ. ძველი გავაზი (ახლანდ. ახალსოფელი), ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 27. V. 1992, თბილისი, დაკრძალულია სოფ. ახალსოფელში], კომპოზიტორი და ფოლკლორისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1953).
1933 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). გაიარა ასპირანტურის კურსი (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით), 1928-იდან ეწეოდა პედაგოგურ, 1933-იდან – შემოქმედებით მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს ასწავლიდა მუსიკის თეორ. დისციპლინებს რესპ. სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებლებში (1967–71 სიღნაღის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი), მუშაობდა საბალეტო სტუდიაში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, თბილ. კონსერვატორიაში (კომპოზიციის კათედრის მასწავლებელი, 1937–49), იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირიჟორი, კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მუს. ნაწილის გამგე. ა-ის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უჭირავს საოპერო ჟანრს. იგი 8 ოპერის ავტორია: „კაკო ყაჩაღი“ (1938; დაიდგა 1940, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, იდგმებოდა 6 სეზონის განმავლობაში), „ნაპრალი“ (1942), „ლაშქარა“ (1946; დაიდგა იქვე, 1949), საბავშვო ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“ (1949; დაიდგა იქვე, 1954), „ოთარაანთ ქვრივი“ (1971). ა-ს ეკუთვნის ორი სიმფონია (1933), 1937), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1934), კამერულ-საკრავიერი და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.
ა. მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. 1960 მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმ. საქართვ. რ-ნებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა, შეადგინა (ვ. მახარაძესთან ერთად) კრებ. „ქართული ხალხური სიმღერები“ (1971). ა-ს ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის „ლატავრას“ რედაქცია (1952, ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: დონაძე ლ., კომპ. ა. ანდრიაშვილის ოპერა „კაკო ყაჩაღი“, «საბჭოთა ხელოვნება», 1940, № 10; მისივე, Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1, Тб., 1975.
გ. ჩხიკვაძე