ანდრიაწმინდა

ანდრიაწმინდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), შავშეთის ქედის კალთაზე, მდ. ურავლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ანდა), ზ. დ. 1320 მ. ახალციხიდან 18 კმ. 295 მცხ. (2014). სოფლის სახელი უკავშირდება ამავე სოფლის წმ. ანდრია მოციქულის ეკლესიას. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ ცნობით, XVI ს. მიწურულში ა-ში 42 კომლი ცხოვრობდა, 1870 კი 24 კომლი იყო აღრიცხული. სოფლის სასაფლაოზე დგას წმ. ანდრიას პატარა, ერთნავიანი, ერთსაფეხურიან ცოკოლზე დაფუძნებული X ს. ეკლესია. ფასადები, საბჯენი თაღები, აფსიდი და კონქი, კარ-სარკმლის საპირეები ნაგებია ერთმანეთთან კარგად მორგებული მაღალი ხარისხის სუფთად გათლილი დიდი მოწითალო კვადრებით, ინტერიერის კედლები კი – ასევე დიდი, უხეშად დამუშავებული ქვითა და სქელი დუღაბით. შესასვლელი ორია –სამხრ-ისა და დას-ისა (დას-ისა ადრევე ამოუქოლავთ). აღმ-ით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გადამხური კამარა ეყრდნობა კონსოლებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს. ფასადები სადაა, მორთულობის გარეშე, მხოლოდ დას. სარკმლის სათაურის ქვასა აქვს შემოვლებული კედლის სიბრტყიდან ამობურცული სადა, ბრტყელი ჩარჩო, რ-ის შიგნით ასევე ამობურცული წაგრძელებული ჯვარია გამოსახული.

1970-იანი წლების დასაწყისში სანახევროდ დანგრეულ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარეს (არქიტ. თ. ნემსაძე). აღადგინეს კამარის ჩანგრეული ნაწილი, ფასადზე გადააწყვეს მორყეული ქვები და კარნიზები, აღდგა აღმ. სარკმლის საპირე წყობა, ძეგლი გადაიხურა, მის ირგვლივ მოიჭრა ზედმეტი მიწა.

ი. სიხარულიძე

თ. ნემსაძე