ანდრონიკაშვილები, ენდრონიკაშვილები, თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში.
გვარში დარჩენილი გადმოცემის მიხედვით, ა. არიან შთამომავლები ბიზანტიის იმპ. ანდრონიკე კომნენოსისა, რ-ის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში. ა-ის მამულები, ე. წ. „საანდრონიკო“ („საენდრონიკო“) მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველსა და სხვ.
XVI ს-იდან ა-მა სამემკვიდრეო სახელოდ მიიღეს ქიზიყის მოურავობა, XVII ს-იდან კი – მარტყოფის მოურავობაც. მარტყოფელ მოურავებს უმთავრესად სოფ. ფხოველის მებატონე ა-გან ნიშნავდნენ, რ-ებიც ქიზიყელი ა-ის განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბაშვილების, ხოლო ქიზიყელი ა. აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. მოგვიანებით ა. თურქმანი ელების (ბაიდარი, ყარაჩა და ა. შ.) მოურავები და ქართლ-კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის სახანოს მმართველები იყვნენ.
ა-მა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხ. და დიპლ. ასპარეზზე. სისტემატურად გვხვდებიან ეპისკოპოსებად ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდისა და ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრებზე, ზოგჯერ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსო კათედრაზეც. ა-ის სათავადო – „საენდრონიკო“ შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტ. წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით უნდა აიხსნას ა-ის ფეოდ. სახლის განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი.
საქართვ. რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ძირითადად სამხ. ასპარეზზე მოღვაწეობდნენ.
ლ. ტუხაშვილი