ანდრონიკაშვილი ზაალ (გ. 1803), მარტყოფის მოურავი (დაახლ. 1772-იდან), სახელგანთქმული მეომარი, მეტსახელად „კუზიანი ზაალი“.
რუს.-თურქ. ომის დროს, 1772, ერეკლე II-ის ბრძანებით, 1000 კაცით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში, გაანადგურა ოსმალთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი დაღესტნელებისა და თურქთა რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. აქ ა. დაიჭრა ზურგში (ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის ა-ის ფოლკლორული სახელები „კუზა ზაალი“, „კუზიანი ზაალი“, „კუზიანი გმირი“ და ა. შ.).
განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მომთაბარე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში.
მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795).
ლიტ.: იხ. სტ-თან ანდრონიკაშვილი ა.
ლ. ტუხაშვილი