ანდრონიკაშვილი კონსტანტინე იოსების ძე [8 (20). XII. 1887, ყვარელი, –2. VII. 1954, თბილისი], რეჟისორი და პედაგოგი. პროფესორი (1947). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950).
1906–10 სწავლობდა პარიზის სორბონის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე, პარალელურად სარეჟისორო ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზის თეატრ „ოდეონის“ დრამ. სტუდიაში (დაამთავრა 1910) რეჟ. ა. ანტუანის ხელმძღვანელობით. 191 –31 რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა თბილ., ქუთ., ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის თეატრებში, 1931–45 – რუსეთის (ნიჟნი-ნოვგოროდი, როსტოვი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სარატოვი და სხვ.) თეატრებში.
1945-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის რეჟისორი იყო, პარალელურად პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში (1945 – 54). დადგა 60-მდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, მ. შ. ი. გედევანიშვილის „სინათლე“ (1924), ა. სუმბათაშვილის „ღალატი“, ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“, ჰ. სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ, უფალო“, ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი“ (ეკატერინბურგი, 1937), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (1945), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ და სხვ. წერდა პიესებს („სიზმარი კოშკში“, „სიყვარულის ყვავილი“ და სხვ.). თარგმნა მ. გორკის „უკანასკნელნი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ლოპე დე ვეგას „ძაღლი თივაზე“ და სხვ. წერდა და აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნ. საკითხებზე. გადაღებულია ფილმში „მამის მკვლელი“ (კობა, რეჟ. ბეკ. ნაზაროვი, 1923 „ არსენა ყაჩაღი“ (თავადი ირაკლი, რეჟ. ვ. ბარსკი 1923), „ნათელა“ (ომარ ფაშა, რეჟ. ა. ბეკ-მაზაროველი, 1926), „ჯანყი გურიაში“ (ჰასან ბეგი, რეჟ. ა. წუწუნავა), „ნახვამდის“ (რეჟ.გ. მაკაროვი, 1934) და სხვ.
შ. ცუცქირიძე