ანდრონიკაშვილი მალხაზ (მელქისედეკ) (გ. დაახლ. 1822), ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე. იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასაბაში (მცველთა უფროსი).
სახელი გაითქვა ლეკებთან ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ის ქალის – ელენეს შვილი მაია (მარიამი), დავით არჩილის ძის (სოლომონ II) და. მათხოჯის ბრძოლაში (1789) ა-მა დაამარცხა დავით გიორგის ძე და სოლომონ II-ს გზა გაუკაფა ტახტისაკენ. მადლიერმა სოლომონმა ა. საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოებში უბოძა მამული 800 კომლი გლეხითურთ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1801) ა-ს მიწერ-მოწერა და კავშირი ჰქონდა ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუს. ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გაიქცა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა ჯერ ოსმალეთში, შემდეგ ირანში. 1815 ა. ჩავიდა ერევანში, ეჩმიაძინის მონასტერში, და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართვ. მთავარმართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო, ჩამოვიდა საქართველოში და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კახეთში.
ლიტ.: დავით ბატონიშვილი, მასალები საქართველოს ისტორიისათვი (1744 – 1840 წწ.), მ. ჯანაშვილის გამოც., ტფ., 1905.
ლ. ტუხაშვილი