ანდრონიკაშვილი მზია კონსტანტინეს ასული (14. X. 1920, თბილისი, – 2006, იქვე), ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე ინდურ-ირანული ენების სპეციალობით. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კავკ. და აღმოსავლური ენების განხრით (1941). 1942–45 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ასპირანტი და მეცნიერი თანამშრომელი. 1945-იდან თსუ-ში ასწავლიდა ძვ. და საშ. სპარს. ენებსა და სანსკრიტს, კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენათმეცნიერებათა ისტორიის კურსებს, ასევე კითხულობდა ინდურ-ირანულ და ინდოევრ. ენათა შედარებითი გრამატიკის კურსებს, 1969-იდან იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. ა. მრავალი ნაშრომის ავტორია. იკვლევდა ირან. ენების ლექსიკურ-გრამატ. სტრუქტურას, ირან.-ქართ. ენობრივი ურთიერთობისა და ეტიმოლოგიის საკითხებს, აგრეთვე „ვედების“ ჰიმნებს მათი პოეტიკური და შემეცნებითი ღირებულების თვალსაზრისით. მისი ფუნდამენტური ნაშრომია „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“ (1966). წიგნში პირველად არის შესწავლილი მონოგრაფიულად ძვ. ქართ. ენის ლექსიკა ინდ.-ირან. ენებთან მიმართებით, მოცემულია მრავალი ქართ. სიტყვის ეტიმოლოგია.
ა-მა ქართ. ენაზე პირველმა თარგმნა სპარსული და ინდური ლიტ-რის უძველესი ძეგლების ნიმუშები: „ავესტის“ ნაწილის „იაშტის“ ჰიმნები („არმაღანი“, 1988), აქემენიდების ძვ. სპარს. წარწერები; მანვე თარგმნა ინდ. „რიგვედის“ ჰიმნები და ძვ. ინდ. ეპოსის „მაჰაბჰარატას“ ეპიზოდი „ნალა და დამაჲანტი“ („არმაღანი“, 1977). სტატიების სერია უძღვნა ძვ. ინდოეთის კულტურის საკითხებს 1985).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ირანული სატომო და ადგილის სახელები ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში (V – VIII სს.), «ენათმეცნიერების ინ-ტის შრომები», [ტ.] 1 - აღმოსავლურ ენათა სერია, თბ., 1954; არაბული სიტყვების სპარსული გზით შემოსვლის შესახებ ქართულში, «თსუ შრომები», 1965, ტ. 105; ახალი სპარსული ბგერების გადმოცემისათვის ქართულში, საიუბილეო კრებული, მიძღვნილი გიორგი ახვლედიანის 80 წლისთავისადმი, თბ., 1969; ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია, წგ.: ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, თბ., 1972; ირანული ტოპონიმიკური ელემენტები ზოგიერთ ქართულ დიალექტში, კრ.: ონომასტიკა, ტ. 1, თბ., 1987; ისტორია და ეტიმოლოგია ქართული სიტყვებისა «აღიარება» და «უარყოფა», წგნ.: აკაკი შანიძე - 100. საიუბილეო კრებული, თბ., 1987; О лексических всречах древнеиндийских языков с картвельскими, კრ.: Санскрит и древнеиндийская культура, М., 1979; О значении данных картвелистики для иранского языкознания, კრ.: Иранское языкознани Ежегодник, 1982, М., 1987.
მ. შონია