ანდრონიკაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე

ანდრონიკაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე (18. VIII. 1914, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი, – 23. IV. 1983, თბილისი), რეჟისორი და მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1941, დ. კაკაბაძის კლასი) და საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1947). 1947–54 რეჟისორად მუშაობდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში, ბათუმის, ქუთ. და გორის დრამ. თეატრებში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“ და სხვ. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმები: „ვეფხვი და ვირი“ (1960), „ქოთნის დღეობა“ (1963), „სათაგური“ (1965), „აურუმ-79“ (1966), „სევდიანი რომანი“ (1967), „მომთვინიერებელი“ (1970), „ხე“ (1973), „სტუმარი“ (1975), „ბუზღუნა“ (1977), „ეკა და ბეკეკა“ (1978), „არაჩვეულებრივი ნადირობა“ (1980), „ძველი თბილისის სურათები“ (1982) და სხვ.

ა. გვენცაძე