ანდრონიკაშვილი ქაიხოსრო (გ. 30. VI. 1792), ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, მწერალი, ლევან ბატონიშვილის სიმამრი.
1772 ერეკლე II-მ ა. ელჩად გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაემშვიდებინა ირან. ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რ-იც ერეკლე II-ის რუს. ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ა-მა დავალება წარმატებით შეასრულა. 1778, როდესაც განჯის სახანო გააუქმეს და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ ა. განჯის მმართველად დანიშნა. ა-ის თანამმართველი ყარაბაღის სახანოს მხრიდან იყო აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი (წარმოშობით ქართველი).
1785 განჯაში აჯანყებამ იფეთქა. ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება, განჯაში კვლავ ჯავად-ხანი აღადგინა, ა. კი საქართველოში გამოიწვია. ა-ს ეკუთვნის პოემა „მიჯნურთ ბადე“, რ-შიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები და პოეტური სამკაულები ნასესხებია „ვეფხისტყაოსნიდან“, „ვისრამიანიდან“ და „ბარამგულანდამიანიდან“ გარდაიცვალა თავის მამულში, სოფ. ფხოველში.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958.
ლ. ტუხაშვილი
გ. მიქაძე