ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) ირაკლი ლუარსაბის ძე [15 (28). IX. 1908, სანქტ–პეტერბურგი, – 16. VI. 1990, მოსკოვი, დაკრძალულია ვედენსკოეს სასაფლაოზე], რუს. მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. ცნობილი ქართვ. იურისტისა და მეცნიერის ლ. ანდრონიკაშვილის ვაჟი და ფიზიკოს ე. ანდრონიკაშვილის ძმა. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1956), რუსეთის (1959) და საქართვ. (1961) ხელოვნ. დამს. მოღვაწე, სსრკ სახ. არტისტი (1982). სსრკ სახელმწ. პრემიის (1967) და ლენინური პრემიის (1976) ლაურეატი.
დაამთავრა ლენინგრ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1930). ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 1929-იდან (რუს. ენაზე). ა. 1935-იდან გამოდიოდა ესტრადაზე თავისივე ზეპირი მოთხრობებით, რ-ებშიც განასახიერებდა რეალური გმირების – მწერლების, მეცნიერების, მსახიობების და სხვა მოღვაწეების „პორტრეტებს“. 1941-იდან მონაწილეობდა II მსოფილო ომში როგორც სამხ. კორესპონდენტი (კალინინის ფრონტი, სმოლენსკის პარტიზ. რაზმები, ამიერკავკ. ფრონტი). ა-ის იუმორით შეფერილი ზოგიერთი მოთხრობა მხოლოდ ზეპირ ვარიანტებში არსებობს („ვარვარა ზახაროვნა“, „სტუმრად ბიძასთან“, „პირველად ესტრადაზე“), სხვები კი შემდგომ დაიბეჭდა („მოთხრობები-საუბრები“, 1935; „გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან“, 1942; „ლერმონტოვის თანამემამულე“, 1952; „შალიაპინის ყელი“, 1959; „სალვინის შეცდომა“, 1959 და სხვ.).
ა. ლერმონტოვის შემოქმედების მკვლევარი, ლერმონტოვის ენციკლოპედიის თანაავტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. ეკუთვნის აგრეთვე პუშკინის დუელის და სიკვდილის შესახებ ახ. მასალებზე აგებული ნარკვევები.
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ენციკლოპედიური ცოდნის ადამიანი – მეცნიერი, მწერალი, არტისტი – უნიკალური მაგალითია ერთ კაცში ნიჭის ამ სამი სახეობის გაერთიანება-შერწყმისა. მისი ნიჭისთვის თანაბრად მისაწვდომი იყო პროზის სამყაროც და პოეზიაც, მუსიკაც და ფერწერაც, დრამ. თეატრიც და ბალეტიც, კინოც და ტელევიზიაც, კრიტიკაც და პუბლიცისტიკაც.
საქართველოს საგანგებო ადგილი უკავია ა-ის შემოქმედებაში. გამოკვლევაში „ლერმონტოვი საქართველოში“ ყურადღება გამახვილებულია ლერმონტოვის საქართველოსთან კონტაქტებზე 1837 წელს. მის წერილებსა და ესეებში ქართვ. მოღვაწეებზე ხშირად ვხედავთ ობიექტის საოცრად ღრმა წვდომას (ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაში სოც. მოტივების შეფასება, გ. ლეონიძისა და ს. ჩიქოვანის პოეზიის ნიშან-თვისებათა ზუსტი მოხაზვა, ვ. ჭაბუკიანისეული დადგმის – ბალეტ „დემონის“ ბრწყინვალე შეფასება და ა. შ.).
ა. ეწეოდა დიდ საზოგადო, ორგანიზაციულ-შემოქმედებით მუშაობას, სხვადასხვა დროს იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის, მთელი რიგი სამეცნ. საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საქართველო ლერმონტოვის შემოქმედებაში, თბ., 1953; ლიტერატურათმცოდნის მოთხრობები, თბ., 1962; Лермонтов в Грузии в 1837, 2 изд., Тб., 1958; Лермонтов. Исследования и находки, 2 изд., М., 1967.
ლიტ.: Александров В., Ираклий Андроников, წგ.: Люди и книги, М., 1956; Маргвелашвили Г., Основательно, как историк, увлекательно, как романист, წგ.: Несгорающий костер, Тб., 1973; Тарасенков А., Ираклий Андроников, წგ.: Статьи о литературе, т. 2, М., 1958; Шкловский В., Ираклий Андроников, его истоки и окрестности, «Театр», 1941 № 2, с. 77 – 86.
გ. მარგველაშვილი