ანდღულაძე გიორგი ბეჟანის ძე (20. I. 1866, ოზურგეთი, – 22. III. 1948, პარიზი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენატი (1920).
დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი (1887). მონაწილეობდა რუს.-იაპ. (1904–05) და პირველ მსოფლიო ომებში (1914–18), მსახურობდა პიატიგორსკის 157-ე ქვეით პოლკში. 1915–17 მეთაურობდა ბრესტის 49-ე ქვეით პოლკს. რუსეთში დროებითი მთავრობის მმართველობის დროს მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება (1917) და დანიშნეს მე-13 ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაურად.
რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თეთრი მოძრაობის რიგებში ჩადგა და მოხალისედ შევიდა ყირიმ-აზოვის არმიაში (მისი ორი ვაჟი - იუნკერები - მოკლეს ბოლშევიკებმა). 1919 დამდეგიდან მეთაურობდა ყირიმის ნაკრებ პოლკს, შემდეგ - ბრიგადას და დივიზიას. 1920. გენ. ვრანგელის არმიის ჩრდ. თავრიდაში ლაშქრობისას თავისი დივიზიით აიღო სადგური სივაში იმავე წლის აგვისტოში კახოვკაზე შეტევისას მეთაურობდა საჯარისო შენაერთს მე-13 და 34-ე დივიზიების შემადგენლობით.
1920 მიწურულს ვრანგელის არმიასთან ერთად ყირიმიდან თურქეთში გადავიდა. ცხოვრობდა ჯერ ბულგარეთში, შემდეგ საფრანგეთში. პარიზში, სადაც სათავეში ჩაუდგა მე-13 ქვეითი დივიზიის ოფიცერთა და ჯარისკაცთა გაერთიანებას.
დაკრძალულია პარიზთან, ახლოს სენ-ჟენევიევ-დე ბუას სასაფლაოზე.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.
ლიტ.: Рутич Н. Н. Биографический справочник выших чинов Добровольческий армии и Вооруженных сил Юга России (Материалы к истории Белого движения), М., 1997.
მ. გოგიტიძე