ანდღულაძე დავით იასონის ძე

ანდღულაძე დავით იასონის ძე [3 (15). X. 1895, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 29. XI. 1973, თბილისი,)] მომღერალი (დრამ. ტენორი). საქართვ. (1941) და სსრკ (1950) სახ. არტისტი.

1925 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). 1926 თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე შედგა ა-ის დებიუტი (რიჩარდი, ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“). ამავე სეზონში განასახიერა კანიოს (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), რადამესის (ვერდის „აიდა“) და კავარადოსის (ჯ. პუჩინის „ტოსკა“) პარტიები.

1927–29 ა. მოსკ. კ. სტანისლავსკის სახ. მუს. თეატრის სცენაზე წარმატებით ასრულებდა ლევკოს (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მაისის ღამე“), რუდოლფის (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), გრიგორის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვ. პარტიებს 1929–33 ა. კვლავ თბილ. საოპერო თეატრში მოღვაწეობდა. აქ მან შექმნა დონ ხოზესა (ჯ. ბიზეს „კარმენი“) და გერმანის (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) ვოკალურ-სცენური სახეები.

1933–35 ა. სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. ამ წლებში შეასრულა პარტიები: დონ ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), მანრიკო, რადამესი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“), რაული (ჯ. მეიერბერის „ჰუგენტონები“) იგი აღიარებულია საოპერო ხელოვნ. დიდოსტატად. 1935 ა. კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მის მიერ განსახიერებულმა აბესალომმა (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართ. ხელოვნ. I დეკადაზე მოსკოვში (1937).

1947 ტარიელის პარტიის (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“) შესრულებისათვის ა-ს სსრკ სახელმწ. პრემია მიენიჭა. 1949 ა-მ წარმატებით შეასრულა ოტელოს პარტია (ჯ. ვერდის „ოტელო“).

ფართო დიაპაზონის, ძლიერი, ლამაზი ტემბრის დრამ. ტენორი, სამსახიობო ნიჭი და წარმოსადეგი გარეგნობა ხელს უწყობდა ა-ს შეექმნა მუს.-სცენური სახეების მდიდარი გალერეა. მომღერალმა გასტროლებით შემოიარა ყოფ. სსრკ მრავალი ქალაქი.

1946-იდან ა. თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი იყო, 1958-იდან – პროფესორი (1967–73 – სოლო სიმღერის კათედრის გამგე). მისი მოწაფეები არიან ზ. ანჯაფარიძე, ნ. ანდღულაძე, ზ. სოტკილავა, ე. გეწაძე, თ. ფარცვანია და სხვ.) მიღებული აქვს ზ. ფალიაშვილის სახ. პრემია (1973 და სხვა სახელმწ. ჯილდოები).

ლიტ.: ათანელოვი ი., დავით ანდღულაძე, თბ., 1978; დავით ანდღულაძე (წერილების კრებული), თბ., 1958.

მ. ახმეტელი