ანესთეზიოლოგია

ანესთეზიოლოგია (ბერძნ. an - უარყ. ნაწილაკი, aisthesis - გრძნობა, შეგრძნება და logos - სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება გაუტკივარების შესახებ; კლინიკური მედიცინის დარგი, შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს, ორგანიზმის ფუნქციების მართვას ოპერაციის დროს და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში.

პრიმიტიული გაუტკივარებისა და ქირურგ. ხერხების დამუშავება ხდებოდა ჯერ კიდევ ძვ. ასურეთში ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში. 1200 ესპ. რ. ლულიუსმა აღმოაჩინა ეთერი. 1540 გერმ. ექიმმა პარაცელსუსმა აღწერა მისი გამაუტკივარებელი თვისება. 1846 ამერ. კბილის ექიმმა უ. მორტონმა წარმატებით გამოიყენა იგი ოპერაციის დროს. 1847 შოტ. ექიმმა ჯ. სიმფსონმა სანარკოზო საშუალებად ქლოროფორმი გამოიყენა. 1847-იდან ქლოროფორმისა და ეთერის ნარკოზს იყენებდა ნ. პიროგოვი (1847 იხმარა იგი თბილ. საოლქო სამხ. ჰოსპიტალში). 1859 აღმოაჩინეს კოკაინი, 1884 კი ავსტრ. ოფთალმოლოგმა კ. კელერმა დაიწყო მისი გამოყენება თვალის ოპერაციების დროს.მაგრამ ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდების განვითარებაში ახ. ერა ნოვოკაინის აღმოჩენით (1905) დაიწყო. ჰ. გრიფითისა და ჯ. ჯონსონის მიერ მიორელაქსანტების გამოყენებამ (1942) შესაძლებელი გახადა ენდოტრაქეალური ნარკოზის ფართო დანერგვა კლინიკაში და ა-ის, როგორც მედიცინის დამოუკიდებელი დარგის, საბოლოოდ ჩამოყალიბება.

საქართველოში ა-მ, როგორც დამოუკიდებელმა დისციპლინამ, განვითარება დაიწყო 1957-იდან, როდესაც ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტში შეიქმნა ა-ის კათედრა (გამგე გ. ხუნდაძე). 1970 ეს კათედრა გადაკეთდა ა-ისა და რეანიმატოლოგიის კათედრად (გამგე გ. ცანავა, 1988-იდან - ნ. ლებანიძე). 1973 ასეთივე კათედრა შეიქმნა თბილ. სახელომწ. სამედ. ინ-ტში (გამგე შ. მაჭავარიანი, 1988-იდან - ზ. ხელაძე). 1990 საქართველოში მუშაობდა ა-ის 50 და ა-ისა და რეანიმაციის 33 განყ-ბა ინტენსიური თერაპიის პალატებით (მ. შ. რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის 13 დამოუკიდებელი განყ-ბა), რ-ებსაც ემსახურებოდა 900-ზე მეტი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, 2000-ზე მეტი ექთან და 160-ზე მეტი ლაბორანტი.

საქართველოში ა-ის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით გ. მუხაძეს (სპინალური ანესთეზია), კ. ერისთავს (ადგილობრივი ანესთეზია), აგრეთვე ნ. კახიანს, ა. მაჭავარიანს, ნ. ანთელავას, გ. ხუნდაძეს, გ. ცანავას, შ. მაჭავარიანს და მათ მოწაფეებს. 1984 გ. ხუნდაძეს, გ. ცანავას, ნ. ლომთათიძეს, ო. მამამთავრიშვილს, ო. ჩახუნაშვილს, ჭ. გოროზიანს ნაშრომთა ციკლისათვის „ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია და გადაუდებელი მდგომარეობა“ საქართვ. სახელმწ. პრემია მიენიჭათ.

საქართველოში ა-ის დარგში შესწავლილია და პრაქტიკაში დანერგილია სპინალური, ეპიდურალური და ელექტრომედიკამენტური ანესთეზია, დეტოქსიკაციის მეთოდები, ინტენსიური თერაპია ოპერაციის შემდგომ პერიოდში (გ. ცანავა, ნ. ლებანიძე, ი. დიასამიძე, ი. ასათიანი, ბ. ბარკალაია, ს. დანიელოვი, ი. ნეჟინსკი, ლ. გორდინა, თ. კობიძე, რ. ჩხეიძე, ს. პეტროსიანი, გ. გრიგოლია, ა. ჯოხაძე, ბ. კვინახიძე, რ. ცანავა და სხვ.); ფთოროტანის ნარკოზი, მიორელაქსანტები; სამკურნ. ნარკოზი, ტრავმული შოკი, იმუნოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდები რეანიმატოლოგიაში შ. მაჭავარიანი, მ. გოგიაშვილი, ნ.ლებანიძე, ვ. ლაზარიშვილი, გ. ჩახუნაშვილი, ზ. ხელაძე, ნ. მაჭავარიანი, ე. ისაკაძე და სხვ.); ცენტრ. ანალგეზია, ჰიპოვოლემია, გარეგანი სუნთქვის შეფასება ანომეტრიული მეთოდით; ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მეთოდები (მ .კუნჭულია, ა. კოპალიანი, პ. გვეტაძე, ლ. უგულავა და სხვ.); კარდიორეანიმატოლოგია (გ. ზუბადალაშვილი, ზ. ქარუხნიშვილი, ა. გვიჩია და სხვ.); ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ვ. ნიკიტინი, ს. ნადირაშვილი და სხვ.); კარდიოგენული შოკი, დეფიბრილაცია, ელექტროსტიმულაცია (ო. თედეევი, ო. ვასაძე, პ. ქავთარაძე, გ. შენგელია, და სხვ.); ანესთეზია და რეანიმაცია ონკოლოგიაში (გ. რუხაძე, მ. იაკობიძე, ი. ავთანდილოვა, ვ. შოშიაშვილი და სხვ.); ანესთეზია და რეანიმაცია მეანობა-გინეკოლოგიაში (ჯ. ძნელაძე, რ. ცინცაძე, ჯ. მხეიძე, ე. უბილავა და სხვ.); ენტერალური და პარენტერალური კვება ინტენსიურ თერაპიაში (თ. დანელია, თ. თამაზაშვილი და სხვ.); ანესთეზია პედიატრიაში (ბ. მამაია, ო. გვეტაძე და სხვ.); ანესთეზია ნეიროქირურგიაში (ს. ოთარაშვილი); თერმული შოკი (ი. ბელიკოვი); ტოქსიკოინფექციური შოკი (ა. ლაღიძე); ენდოგენური პროსტაგლანდინებისა და ციკლური ნუკლეიდების მდგომარეობა ნარკოზის დროს (თ. თვალავაძე, გ. ცანავა). უსაფრთხო კომბინირებული ადეკვატური ანესთეზია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით ან ჰაერით სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით (მ. ლორთქიფანიძე, გ. ორახელაშვილი, ს. გელაშვილი, ი. ვახანია, ჯ. ჯობაძე, ნ. ეძგვერაძე, მ. იმერლიშვილი, ი. ურუშაძე, ი. შენგელია) და სხვ.

ლიტ.: მაჭავარიანი შ., რეანიმატოლოგია და ანესთეზიოლოგია, თბ., 1985; ცანავა გ., პრაქტიკული რეანიმატოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საფუძვლები, თბ., 1987; ხუნდაძე გ., ცანავა გ., მამამთავრიშვილი ო., გოროზიანი ჭ., ანესთეზიოლოგია (ზოგადი ნაწილი), თბ., 1964; მათივე, ანესთეზიოლოგია (კერძო ნაწილი), თბ., 1968; ლორთქიფანიძე მ., ანესთეზია, ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია - ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის დროს, თბ., 1991.

გ. ცანავა