ანეული, მინდორი, რომელიც მთელ სავეგეტაციო პერიოდში (ან მის რომელიმე მონაკვეთში) მრავალგზის მუშავდება სარეველებისაგან ნიადაგის გასაწმენდად, ტენის შესანარჩუნებლად და მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი საკვები ნივთიერების დასაგროვებლად.
ა-ის დამუშავება იწყება ადრე გაზაფხულზე (მოუთესავი, სუფთა ა.) ან შემოდგომიდან (შავი ა.). ა-ს ჩვეულებრივ უხვად ანოყიერებენ და თესავენ საშემოდგომო ხორბალს ან ჭვავს, ხოლო ცალკეულ რ-ნებში – საგაზაფხულო ხორბალსა და ზოგიერთ სხვა კულტურას. ტენით შედარებით კარგად უზრუნველყოფილ რ-ნებში მიწის უფრო სრულად გამოყენებისათვის საშემოდგომო კულტურების დათესვამდე ა-ზე თესავენ საადრეო სას.-სამ. მცენარეებს (მოთესილი ა.), როდესაც საანეულო კულტურები (ცერცველასა და შვრიის ნარევი, ესპარცეტი, მდოგვი და სხვ.) ნაკვეთს სრულად ფარავს, ა. მთლიანად მოთესილია.
ა. შეიძლება მოითესოს სათოხნი კულტურებითაც (მაგ., კარტოფილი). არსებობს აგრეთვე სიდერალური ა., როცა ნაკვეთზე ითესება მცენარე მწვანე სასუქად. ა-ზე მოთესილი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგს ამუშავებენ, შეაქვთ სასუქი და თესავენ საშემოდგომო კულტურებს. არის კულისებიანი მოთესილი ა-ც. ასეთ ა-ზე – 3 მწკრივად (კულისებად) თესავენ მაღალტანიან მცენარეებს (სიმინდი, მზესუმზირა, სორგო და სხვ.), კულისების დანიშნულებაა შეაკავოს თოვლი, დაიცვას საშემოდგომო ნათესი ყინვისა და ქარის მავნე მოქმედებისაგან.