ანთარი

ანთარი (მეგრ. ჟინი ანთარი – ცის, ზეციერი ანთარი), ამინდის განმგებელი და მეომარი, მსხვილფეხა საქონლის, ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მფარველი ღვთაება.

მისი ატრიბუტები და დამსჯელი იარაღია მეხი და ისრები, ეპითეტი – „ბატონი გამარჯვებული“. სამეგრელოში ყოველწლიურად დიდ მარხვამდე ერთი დღით ადრე (აღების ღამეს) მის პატივსაცემად სრულდებოდა ლოცვა და კულტმსახურება. ამ დღეს ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩაატარებდა გარკვეულ რიტუალს. ა-ს სწირავდნენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ ყველიან კვერს, მამალს, თიკანს. ა-დმი ლოცვა და მსხვერპლშეწირვა სხვა შემთხვევაშიც სრულდებოდა. მაგ., მეხის დაცემის შემდეგ (დაცემის ადგილას) ან მეხის დაცემის თავიდან ასაცილებლად (ტყეში ხეებქვეშ), გვალვის ან წვიმების დროს სასურველი ამინდის გამოსათხოვად (სოფელში საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე). წესს სოფლის უხუცესი ასრულებდა. მეხის დაცემის შემთხვევაში დაზარალებული მკითხავისაგან იგებდა დასჯის მიზეზს და შემდეგ ასრულებდა ე. წ. „თავის გამოსასყიდა“ რიტუალს. ამ მიზნისათვის სამსხვერპლო ცხოველი თიკანი იყო. ლოცვა სპეც. მლოცველს – „ჟინის მახვამერს“ (ზეციერის მლოცველს) – უნდა შეესრულებინა მეხის დაცემის ადგილას. თავის დაზღვევის მიზნით ამგვარი ლოცვა ოჯახს ყოველ შვიდ ან ცხრა წელიწადში ერთხელ უნდა გაემეორებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივთა რწმენით, განრისხებულ ღვთაებას შეეძლო მთლიანად ამოეწყვიტა მათი შთამომავლობა. მსგავსი რიტუალები იმართებოდა ხევსურეთსა და აფხაზეთში ა-ის მონათესავე ღვთაებათა, ანატორისა და აითრის, პატივსაცემად. არის მოსაზრება, რომ ჟინი ანთარი ძველკოლხური ცის ღმერთია; ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ა-თან დაკავშირებულმა რწმენებმა წმ. გიორგის სახის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა.

ლიტ.: აბაკელია ნ., ცის თაყვანისცემა დასავლეთ საქართველოში (ღვთაება „ჟინი ანთარი“), «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1983, № 2; მაკალათია მ., მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები სამეგრელოში, კრ.: მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1979; მაკალათია ს., ჯეგე-მისარიონის კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1938; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); Кобалия И. Т., Из Мифической Колхиды, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1903, т. 32.

ნ. აბაკელია