ანთაძე დოდო კონსტანტინეს ძე

დ. ანთაძე

ანთაძე დოდო კონსტანტინეს ძე (10. X. 1900, სოფ. ვარძია, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 18. IV. 1978, თბილისი), რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე. თანამედროვე ქართ. თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კ. მარჯანიშვილის მოწაფე. საქართვ. (1940) და სსრკ (1971) სახ. არტისტი.

1919–20 სწავლობდა თბილ. გ. ჯაბადარის თეატრ. სტუდიაში. 1921–25 მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925-იდან რეჟისორად რუსთაველის სახ. თეატრში, 1927–28 კი თბილ. მუშათა თეატრში. 1928 იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ხელმძღვანელი. იმავე წელს აქტ. მონაწილეობას იღებდა ქუთაისში მე-2 სახელმწ. დრამის თეატრის (ახლანდ. თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი) შექმნაში. 1928–33 იყო ამ თეატრის რეჟისორი (მარჯანიშვილისეული დადგმების – ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, კ. კალაძის „როგორ“, ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვ. – თანაავტორი).

1933–38 ა. – თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის, 1938–52 – ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1952–57 – თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის, 1957–62– რუსთაველის სახ. თეატრის დირექტორი, 1962 – 74 – საქართვ. თეატრ. საზ-ბის თავ-რე, 1974-იდან – საქართვ. ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი.

ა-ის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება. როგორც რეჟისორ-დამდგმელი, ა. ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა თანამედროვეობის მხატვრული ასახვასსაკითხებს ა-ის დადგმებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა: პ. კაკაბაძის „მიწისძვრა“ (1925), გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1932) და „იცკა რიჟინაშვილი“ (1937), შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“ (1934) და „გუშინდელნი“ (1939), ი. ვაკელის „შამილი“ (1934), ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი“ (1939), უ. შექსპირის „ოტელო“ (1939) და „მეფე ლირი“ (1941), ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ა. აფინოგენოვის „შორეული“ (1936), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (1952), ს. შანშიაშვილის „დიდი მოურავი“ (1942), ვ. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები“ (1961), ლ. სანიკიძის „ქუთათურები“ (1962) და სხვ. ა. სპექტაკლებს დგამდა აგრეთვე ქ. გიუმრის (სომხეთი) თეატრში („იცკა რიჟინაშვილი“), თბილ. რუს. და სომხ. დრამ. თეატრებში (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“).

ა. ავტორია მემუარული წიგნებისა „დღენი ახლო წარსულისა“ (2 ტომად, 1962 – 66), რ-შიც აღწერილია თანამედროვე ქართ. თეატრის შექმნის ისტორია, დახატულია კ. მარჯანიშვილისა და მისი მოწაფეების შემოქმედებითი პორტრეტები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ჯანელიძე დ., სახიობა, ტ. 2, თბ., 1972.

შ. ცუცქირიძე