ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე

ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე [11 (23). IX. 1893, ზუგდიდი, – 25. IX. 1970, თბილისი], ქირურგი, გულმკერდის ქირურგ. ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1938), პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957). სსრკ მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1962).

1920 როსტოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში გ. მუხაძესთან. 1923–24 მივლინებული იყო გერმანიაში ფ. ზაუერბრუხისა და ა. ბირის კლინიკებში. 1928 მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან. 1929–38 განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბას. 1939–41 ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრას, 194–46 იყო ამიერკავკ. საევაკუაციო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949–54 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. 1941–70 განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის თორაკალური ქირურგ. კათედრას.

ა-ს შრომებში განხილულია ფილტვის ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის ქირურგ. მკურნალობის საკითხები. ა-მ დაამუშავა ექსტრაპლევერული თორაკოპლასტიკის ახ. მეთოდი, რ-საც მისი სახელი ეწოდა. მის კლინიკაში პირველად საქართველოში გულის მანკების სამკურნალოდ განხორციელდა ოპერაციები „ჰიპოთერმიის ქვეშ“ და „მშრალ გულზე“. მონოგრაფიისათვის „ფილტვებისა და პლევრის ქირურგია“ (1948) უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქირურგთა საზ-ბამ მიანიჭა ს. ფიოდოროვის სახ. პრემია (1950). მისი მონოგრაფია „გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგია“ (1952) გამოქვეყნებულია ქართ., რუს. და ჩინურ ენებზე.

ა. იყო საქართვ. და სსრკ ფთიზიატრთა სამეცნ. საზ-ბების საპატიო წევრი, ქირურგთა საერთაშ. საზ-ბის წევრი, პიემონტის (იტალია) ქირურგთა საზ-ბისა და ჩეხოსლ. პურკინეს სახ. ქირურგთა საზ-ბის საპატიო წევრი. ლენინური პრემიის ლაურეატი (1961).

მიღებული აქვს. სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Оперативные доступы к верхнему отделу легкого при туберкулезных его поражениях и приемы хирургического лечения, Сух., 1933; Оперативная коллапсотерапия туберкулеза легких, Тб., 1939; Хирургические формы бруцеллеза, М., 1954.