ანთროპოლოგია ფილოსოფიური

ანთროპოლოგია ფილოსოფიური, ფართო მნიშვნელობით – ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანის ბუნების (არსის), სამყაროში მისი ადგილის შესახებ.

ვიწრო მნიშვნელობით – მიმდინარეობა XX ს. დასავლეთევროპულ, უპირატესად გერმ. ფილოსოფიაში, რ-იც სიცოცხლის ფილოსოფიისა (ვ. დილთაი) და ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიის იდეების საფუძველზე ცდილობს შექმნას ადამიანის მთლიანობის ცნება სხვადასხვა მეცნიერების (ბიოლოგია, სოციოლოგია, ეთნოლოგია, ფსიქოლოგია და სხვ.) მონაცემთა გამოყენებითა და ინტერპრეტაციით.

საქართველოში ადამიანის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ადამიანის რაობის (არსის) შემსწავლელი ცალკე ფილოს. დისციპლინის ჩამოყალიბება მოხდა XX ს. 60-იან წლებში. 1967 ა. ბოჭორიშვილის თაოსნობით საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში შეიქმნა ყოფ. სსრკ-ში პირველი ფილოს. ანთროპოლოგიის განყ-ბა.

1977 გაიმართა დისკუსია თემაზე „ადამიანის პრობლემა“, რ-ის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნ. „მაცნეში“ (№ 1, № 2, 1978). განყ-ბის წევრთა მუშაობა აისახა კრებ. „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხების“ რვა ტომში. მეცნიერების საგნის ცხადყოფისა და ადამიანის თავისებურების გაგებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მონოგრაფიებს: „ეგზისტენციალური კრიზისის პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“ (1966, ზ. კაკაბაძე), „ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა“ (1970, ზ. კაკაბაძე), „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები“ (1976 ა. ბოჭორიშვილი), „რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ“ (1980, ა. ბოჭორიშვილი), „შემოქმედების არსი“ (1980, ო. ტაბიძე), „ადამიანი – სინამდვილე და ოცნება“ (1986, ო. ტაბიძე).

ქართვ. ანთროპოლოგები იკვლევენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ფილოს. ა-ის საგანი; თანამედროვე დასავლეთის თეორიების ანალიზი; ადამიანი, პიროვნება, ინდივიდი; ადამიანი და მისი „მე“; ადამიანის არსი და არსებობა; თავისუფლება და პასუხისმგებლობა; ადამიანის მთლიანობა და ფენათა მრავალგვაროვნება; ადამიანის დანიშნულება, შინაბუნება და მისი გარე გამოვლენა; ადამიანის შემეცნების მეთოდოლოგია; ჰუმანიზაციის პროცესის როლი ადამიანის ყოფიერებაში; ადამიანის გვარეობითი არსი და იდეალი და სხვ. (ა. ბოჭორიშვილი, რ. ბალანჩივაძე, ა. ბაქრაძე, ა. ბრეგაძე, თ. ბუაჩიძე, ვ. კაკაბაძე, ნ. მშვენიერაძე, ო. ტაბიძე, გ. ცინცაძე).

ა. ბრეგაძე