ანიკეტეს აჯანყება, პონტოს მოსახლეობის აჯანყება რომის ბატონობის წინააღმდეგ (69).
უშუალო მიზეზი გახდა პონტოს სამეფოს გაუქმება და კოლხეთთან ერთად მისი რომის პროვინციად გამოცხადება (63), რამაც მკვეთრად გაზარდა ადგილ. მოსახლ. ექსპლუატაცია რომის პროვინციული ადმინისტრაციის მხრიდან. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა პონტოს მეფის პოლემონ II-ის მონაყოფილი და ფლოტის უფროსი ანიკეტე (ბერძნ. „დაუმარცხებელი“);
მისი მთავარი ძალა იყო ადგილ. ჭანური (ქართული) მოსახლეობა. ისარგებლეს რა რომაელთა რეგულ. ნაწილებისა და ფლოტის პონტოდან წასვლით იმპ. ვესპასიანეს დასახმარებლად, აჯანყებულები შეიჭრნენ ქ. ტრაპეზუნტში, გაანადგურეს ბერძენ მოქირავნეთა გარნიზონი და ხელი მიჰყვეს ქალაქისა და შემოგარენის ძარცვას. ვესპასიანემ აჯანყებულთა წინააღმდეგ ლეგიონერთა ძლიერი რაზმი გააგზავნა სარდალ ვირდიუს გემინუსის მეთაურობით, რ-მაც აჯანყებულნი გაფანტა.
ანიკეტე იძულებული გახდა მცირე ჯგუფით ჭანეთის ერთ-ერთი ხეობისთვის შეეფარებინა თავი. იქაურმა ტომის ბელადმა, მდიდარი საფასურით მოსყიდულმა, ანიკეტე რომაელებს ჩაუგდო ხელთ. ამ აჯანყებამ აიძულა რომის ადმინისტრაცია პონტოსპირა პროვინციებში შეერბილებინა რეჟიმი და კოლხეთში ნახევრად დამოუკიდებელი მცირე სამეფოების შექმნისათვის შეეწყო ხელი.
ლიტ.: Ломоури Н. Ю., Восточное Причерноморье и Рим в I в. н. э., კრ.: Историко-Филологические разыскания, ч. 1, Тб., 1980.
ნ. ლომოური