ანკარა (Natrix), უშხამო გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა.
აერთიანებს 60-მდე სახეობას, რ-თაგან საქართველოში გვხვდება 2 წყლის ა. (N. tessellata) და ჩვეულებრივი ა. (N. natrix). ორივე სახეობა საქართვ. თითქმის ყველა ლანდშაფტურ ზონაშია გავრცელებული. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული წყალთან (თუმცა ზოგჯერ წყლიდან შორს მიდიან), იმალებიან ქვების ქვეშ (როგორც ხმელეთზე, ისე წყალში), მღრღნელების სოროებში.
წყლის ა. იკვებება უმთავრესად თევზებით. დებს 4–18 კვერცხს.
ჩვეულებრივი ა. იკვებება ძირითადად ამფიბიებით. დებს 6–35 კვერცხს. წყლის ა-გან ადვილად გამოირჩევა თავის გვერდებზე მოყვითალო-მოწითალო ლაქებით.
თ. მუსხელიშვილი