ანონიმი ვენეციელი, XVI ს. II ნახ. მოღვაწე (სავარაუდოდ სამხედრო პირი იყო). ვენეციის სენატისადმი წარდგენილ რელაციაში დაწვრილებით აღწერს მუსტაფა ლალა-ფაშას ხელმძღვანელობით ოსმ. ჯარის მოსვლას საქართველოს სამხრ. საზღვართან და ჩილდირის ბრძოლას (1578 წ. 9 აგვ.), ოსმალების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობას. სრულიად ახლებურად გადმოგვცემს მანუჩარ II ათაბაგის დამოკიდებულებას დამპყრობლების მიმართ, ქართლის სამეფოს ბრძოლას სიმონ I-ის მეთაურობით, თბილისის დაპყრობას ოსმალთაგან; მუსტაფა ლალა-ფაშას ურთიერთობას კახეთის მეფე ალექსანდრე II-თან, ალექსანდრე II-ის მიერ შაქის და ოსმალების მიერ შირვანის დაპყრობას და სხვ.
ასევე მნიშვნელოვანია ა. ვ-ის ცნობები საქართვ. ქ-ების (თბილისი, გორი), ციხესიმაგრეების ბუნებრივი პირობებისა და სხვ. შესახებ.
ლიტ.: თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები (1571 – 1581), იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1987.
ე. მამისთვალიშვილი