ანსამბლი

ანსამბლი (ფრანგ. ensemble, სიტყვასიტყვით – ერთად), არქიტექტურასა და ქალაქთმშენებლობაში – შენობათა სივრცობრივი კომპოზიციების, საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, სანაპიროები და სხვ.), მონუმენტური ფერწერის, ქანდაკებისა და მწვანე ნარგავების ჰარმონიული ერთობლიობა. ა-ში, როგორც წესი, შედის ტერიტ. კეთილმოწყობის ელემენტებიც (გზები, წყალსაწრეტები და სხვ.).

ა-ის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება ადგილის ბუნებრივ პირობებს (რელიეფი, წყალსატევები და ა. შ.). არქიტ. ა-ის შექმნისას გათვალისწინებულია ქალაქთმშენებლობის კომპლექსის სივრცობრივი ერთიანობა, ა-ში შემავალ ნაგებობათა და შენობათა მასშტაბის, რიტმისა და მოდულის ერთობლიობა, ა. შეიძლება შეიქმნას ერთდროულად (ერთიანი ჩანაფიქრით, ერთი სტილით) ან ხანგრძლივი დროის მანძილზე, თანდათანობით. ნაგებობათა ადრინდ. ჯგუფში შეიძლება ჩაშენდეს ახალი, სტილისტურად განსხვავებული ხასიათის შენობა ისე, რომ არ დაირღვეს პირველადი, ძირითადი კომპოზ. წყობა და ახალი ორგანულად შეერწყას ძველს. ასეთია, მაგ. წმ. მარკოზის მოედანი ვენეციაში და სხვ. საქართველოში შემონახულ ხუროთმოძღვრულ ა-თაგან აღსანიშნავია გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, გუდარეხის, ანანურის ციხის, ლარგვისისა და სხვ., რ-ებიც ყალიბდებოდნენ საუკუნეთა განმავლობაში და წარმოადგენდნენ რელიეფის, ბუნებრივი გარემოსა და ქართ. სამშენებლო და პლასტიკური (რელიეფები, ქვასვეტები) ხელოვნ. შერწყმის დიდებულ ნიმუშებს.