ანტიკური ფილოსოფია

ანტიკური ფილოსოფია, ძვ. ბერძნული, ელინისტური და რომაული ფილოსოფია, რ-იც წარმოიშვა, ჩამოყალიბდა და განვითარდა დასავლეთის მონათმფლობელურ საზოგადოებაში (ძვ. წ. VI ს. – ახ. წ. VI ს. დასაწყისი).

ქართ. ფილოს. აზრი, როგორც ცნობილი ბიზანტ. ფილოსოფოსი თემისტიოსი (317 – 388) (გვამცნობს, IV ს. დასაწყისში უკვე საფუძვლიანად იცნობს ა. ფ-ს ნეოპლატონიზმის სახით. ე. წ. კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში, თემისტიოსის გარდა, განისწავლა მისი მამა – ფილოსოფოსი ევგენიოსიც. ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ ამ სკოლაში ქართველები სწავლობდნენ. რადგან ნეოპლატონიზმი პლატონის ფილოს. საფუძველზე მთელი ა. ფ-ის სინთეზის ცდა იყო, ამიტომ უფლება გვაქვს დავუშვათ, რომ კოლხეთის რიტორიკულ სკოლაში მთლიანად ა. ფ-ც ისწავლებოდა. IV ს. ბოლოს ბერძნ. წყაროები მნიშვნელოვან მოაზროვნედ მიიჩნევენ ბაკურ იბერიელს, რ-საც ქრისტიანობის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლი ნეოპლატონიკოსი ლიბანიოსი (314 – 394) თავის თანამოაზრედ მიიჩნევდა.

ამგვარად, IV ს. საქართველოში ნეოპლატონიზმის ორი განსხვავებული მინდინარეობა არსებობდა: პირველი – ქრისტიანობასთან კავშირის მომხრე, ევგენიოსისა და თემისტიოსის შემწყნარებლური მოძღვრებების მონათესავე და, მეორე – ლიბანიოსის მსგავსად ქრისტიანობის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი. V ს-ში ა. ფ-ის ქრისტიანულად გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრში, ქ. ღაზაში, მოღვაწეობდა ცნობილი თეოლოგი პეტრე იბერი, რ-იც შ. ნუციბიძისა და ე. ჰონიგმანის ჰიპთეზის თანახმად, ფსევდოდიონისეს „არეოპაგიტიკის“ ავტორია. ეს ძეგლი, რ-მაც დიდი როლი ითამაშა ქართ. კულტურის განვითარებაში, სწორედ ნეოპლატონური ფილოსოფიის ქრისტიანულად გადამუშავების ყველაზე საყურადღებო ნიმუშია.

ძვ. ბერძნულ ფილოსოფიაში განსწავლულობას ამჟღავნებენ კოლხეთის რიტორიკული სკოლის გვიანდ. წარმომადგენლები აიეტი და ფარტაზი. ამავე VI ს-ში საქართველოში ქრისტ. ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ ბერძენი აპოლოგეტის არისტიდეს (II ს.) შრომებს, „... არამარტო აზრობრივად, არამედ ზოგ შემთხვევაში სიტყვიერადაც“ (კ. კეკელიძე, ტ. I, გვ. 476), სახელდობრ, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“.

X ს-იდან იწყება ხელახალი ძლიერი დაინტერესება ა. ფ-ით. „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში“ გაკრიტიკებულია ცნობილი მოძღვრება ოთხი ელემენტის (წყალი, მიწა, ჰაერი და ცეცხლი) თავისთავადობისა და პირველადობის შესახებ. „სიბრძნე ბალავარისაში“ მოცემულია ღმერთის არსებობის ფიზ.-ტელეოლოგიური და ონტოლოგიური დასაბუთებანი. გიორგი მერჩულის მიხედვით, ამ საუკუნეში ბერძნ. ფილოსოფიის შესწავლა განათლების აუცილებელი ნაწილი იყო. ეს ტენდენცია თანდათან ძლიერდება და კულმინაციას აღწევს იოანე პეტრიწთან, რ-იც უკვე ჩიოდა მთარგმნელთა სიმრავლისა და თარგმნის მეთოდთა სხვადასხვაობის გამო (XI – XII სს.). მან თარგმნა არისტოტელეს „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“, ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“, პროკლე დიადოქოსის „კავშირნი ღმერთისსმეტყველებითნი“. როგორც ს. დოდაშვილი გადმოგვცემს, XII ს-ში ყოველ წელს ათენში თორმეტ ყმაწვილს აგზავნიდნენ სასწავლებლად. ითარგმნებოდა ამონიოს ჰერმიას (V – VI სს.) კომენტარები პორფირიოსის „ხუთი ხმისა“ და არისტოტელეს „კატეგორიებისათვის“. ა. ფ-ის ღრმა ცოდნა ფართოდაა ასახული იმდროინდელ ქართ. სას. და საერო პოეიზაში (დავით აღმაშენებელი, ჩახრუხაძე, შავთელი, რუსთვაელი). ს.-ს ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“, XII ს. ქართ. კულტურის აღორძინების საფუძველზე, ა. ფ-ის სოლიდურ ცოდნას ავლენს, ხოლო 1827 პეტერბურგში გამოცემული ს. დოდაშვილის „ლოგიკა“– ა. ფ-ის საინტერესო კონცეფციას ავითარებს.

XX ს-ში საქართველოში ა. ფ-ის სისტემური შესწავლა დაკავშირებულია თბილ. უნ-ტთან, სადაც დ. უზნაძე ატარებდა სემინარებს პლატონის შესახებ, ხოლო 1923 ს. დანელიამ ნარკვევით „არისტოტელეს წინამორბედთა შესახებ“ შეიმუშავა ორიგინ. პოზიცია, რ-ის ანალოგიური თვალსაზრისიც მოგვიანებით წამოაყენეს დასავლეთში (მაგ., უ. გათრიმ). იგივე ითქმის მის გამოკვლევებზე: „ქსენოფონე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ (1925), „ანტიკური ფილოსოფია სოკრატეს წინ“ (1926) და სხვ. ა. ფ. ორიგინალურადაა გაგებული მ. გოგიბერიძის „ფილოსოფიის ისტორიის“ I ტომში (1941). დიალექტ. ლოგიკის საკუთარი კონცეფციის საფუძველზე ს. წერეთელმა შექმნა ახლებურად გაგებული „ანტიკური ფილოსოფია“ (1968). ა. ფ-ის აქტუალურ პრობლემებს იკვლევდნენ შ. ხიდაშელი, თ. კუკავა, მ. ჭელიძე და სხვ. აღდგა მთარგმნელობითი ტრადიციაც: ითარგმნა სოკრატეს „აპოლოგია“ (1926, ს. ყაუხჩიშვილი); არისტოტელეს „პოეტიკა“ (1944, ს. დანელია); „დემოკრიტე. ეპიკურე. ფრაგმენტები, წერილები“ (1959), „მეტაფიზიკა“ (1964), „რიტორიკა“ (1982, სამივე თ. კუკავა); პლატონის „ფედონი“ (1966), „ნადიმი“ (1973) და მრავალი სხვა დიალოგი თარგმნა ბ. ბრეგვაძემ. ქსენოფონტის „მოგონებანი სოკრატეზე და სოკრატეს აპოლოგია“ თარგმნა ა. ურუშაძემ (1973). თსუ „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკა“ ამზადებს ა. ფ-ის წყაროების ახ. თარგმანებს.

ლიტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტოირა, ტ. 1- 2, თბ., 1980 – 81; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1 – 2, თბ., 1956 – 58; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 - ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, თბ., 1973; Хидашели Ш. В., Вопросы грузинского Ренессанса, Тб., 1984.


გ. თევზაძე