ანტიკური ქალაქები შავიზღვისპირეთში, წარმოიქმნა ძვ. წ. VIII – VI სს-ში ე. წ. დიდი ბერძნული კოლონიზაციის შედეგად.
ა. ქ-ის დაარსებას წინ უძღოდა ბერძენთა სავაჭრო ურთიერთობა ადგილ. მოსახლეობასთან და სავაჭრო ფაქტორიების შექმნა, რ-თაგან ზოგიერთი შემდეგ ქალაქად იქცა. ძვ. წ. VIII ს-ში პირველი ბერძნ. დასახლებები გაჩნდა შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე და ხომალდთა რეიდისათვის განკუთვნილი ბაზების როლს ასრულებდა. მათგან უძველესია სინოპი და ტრაპეზუნტი. ძვ. წ. VIII ს. II ნახევარში ეს ახალშენები კიმერიელებმა გაანადგურეს და მხოლოდ ძვ. წ. VII ს. დასასრ. და VI ს-ში დაიწყო ბერძნ. ქ-ების აღმოცენება: ძვ. წ. VII ს. 30-იან წლებში მცირე აზიის ბერძნ. ქ. მილეტმა დააარსა თავისი ახალშენები სინოპში, ხოლო ძვ. წ. VII ს. დასასრ. ქ. ფოკეამ – ქ. ამისოსი. ძვ. წ. VII ს. დასასრ. და VI ს-ში შავი ზღვის დას. და ჩრდ. სანაპიროებზე დაარსდა ბერძნ. ქ.-ები: აპოლინია, მესემბრია, კალატიდა, ტომისი, ისტრიე, ტირასი და ოლბია. დაახლოებით იმავე ხანებში დაარსდა პანტიკაპეონი, აგრეთვე ნიმფეონი, ტირიტაკე, მირმეკიონი, ფანაგორია, გორგიპია, კეპე და სხვ. ამ ქ-ების დაარსებას უპირატესად მილეტი მეთაურობდა. უფრო გვიან (ძვ. წ. V ს. II ნახევარში) მილეტელთა ემპორიონის (სავაჭრო ფაქტორიის) ადგილზე დორიელებმა დააარსეს ქ. ქერსონესი (სევასტოპოლთან). ძვ. წ. VI ს. II ნახევარში ბერძენთა ახალშენები გაჩნდა შავი ზღვის აღმ. სანაპიროზეც: ფასისში (ფოთთან), დიოსკურიაში (სოხუმთან), გიენოსში (ოჩამჩირესთან).
ბერძნ. ახალშენების დაარსება შავი ზღვის სანაპიროზე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარდ მიმდინარეობდა და კოლონიზაციის წარმატება დამოკიდებული იყო ადგილ. მოსახ. განვითარების დონეზე. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ თავიანთი სოც.-ეკონ. სტრუქტურით, პოლიტ. წყობით, კულტურით, გარეგნული იერითა და შემდგომი ისტ. ბედით.
ძვ. წ. VI – IV სს-ში სამხრ.-აღმ., დას. და ჩრდ. შავიზღვისპირეთის ა. ქ-ს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული პოლისური ორგანიზაცია (ხმელთაშუაზღვისპირეთის ბერძნ. ქალაქების მსგავსი), საკუთარი ეკონ. ბაზა (ხელოსნური წარმოება, სოფ. მეურნ., ვაჭრობა), მეტროპოლიიდან გადმოტანილი რელიგ. კულტები. ამ ქ-ების ერთმა ნაწილმა (სინოპი, ამისოსი, აპოლონია, ისტრიე, ოლბია და სხვ.) სამხრ.-აღმ. და დას. სანაპიროებზე თავისი არსებობის განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების პოლისური წყობა. ქერსონესმა დაიპყრო სამხრ.-დას. და დას. ყირიმის ტერიტ., ამასთან, თავის გავლენას დაუმორჩილა სხვა ბერძნ. ქ-ებიც (კარკინიტიდა, კალოს ლიმენი).
თავისებურად წარიმართა ჩრდ. შავიზღვისპირეთის სხვა ქ-ების პოლიტ. ისტორია: ძვ. წ. V ს. 80-იანი წლებიდან ისინი გაერთიანდნენ პანტიკაპეონის მეთაურობით და შექმნეს ერთიანი სახელმწიფო – ბოსფორის სამეფო. ამ სახელმწიფოს მმართველი ზედაფენა ძირითადად ბერძნებისა და ელინიზებული სკვითებისაგან შედგებოდა.
სხვაგვარად მიმდინარეობდა ბერძნ. სამოსახლეობის განვითარება აღმ. შავიზღვისპირეთში – ისტ. კოლხეთის ტერიტორიაზე. განსხვავებით ჩრდ. შავიზღვისპირეთისაგან (აღმ. ყირიმი, ოლბიისა და ქერსონესის მიდამოები), სადაც არ იყო ადგილ. მჭიდრო დასახლება, ან დას. შავიზღვისპირეთისაგან (ისტ. თრაკია), სადაც ადგილობრივი მოსახ. პირველყოფილი თემური წყობილების საფეხურზე იდგა, ბერძნ. კოლონიზაციის ხანაში კოლხეთში უკვე არსებობდა ადგილ. მოსახლ. პოლიტ. ორგანიზაციის უმაღლესი წყობა – კოლხეთის სახელმწიფო ქალაქური ტიპის დასახლებებით, განვითარებული სასაქონლო-ხელოსნული წარმოებით (ლითონის დამუშავება, კერამ. და საფეიქრო წარმოება, მხატვრული ხელოსნობა) და ფულადი მეურნეობით. მჭიდროდ დასახლებული ზღვის სანაპირო ზოლის მოსახლეობის საწარმოო საქმიანობა, მიწათმოქმედებასთან ერთად, დაკავშირებული იყო ზღვასთან (რკინის შემცველი მაგნეტიტური ქვიშების დამუშავება, მეთევზეობა). ამ გარემოებამ განსაზღვრა ბერძნ. კოლონიზაციის წარუმატებლობა და მცირე მასშტაბები აღმ. შავიზღვისპირეთში. ძვ. წ. VI – V სს-ში კოლხ. სახელმწიფოსა და ადგილ. ქ-ების არსებობის პირობებში აღარ რჩებოდა საფუძველი ბერძნ. ქ-ების – დამოუკიდებელი სოც.-ეკონ. ბაზის მქონე და ირგვლივ მდებარე სასოფლო თემების ექსპლუატაციაზე დაფუძნებული პოლისების – წარმოქმნა-განვითარებისათვის. კოლხეთის სანაპიროებზე დაარსებული ბერძნ. დასახლებები ძირითადად ემპორიონები იყო, რ-თა მეშვეობით ხორციელდებოდა ანტ. სამყაროს სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა კოლხეთთან. შავიზღვისპირეთის ა. ქ-ების ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სოფლის მეურნეობას.
ქ-ები ფლობდნენ ვრცელ სას.-სამ. ტერიტორიას, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ქერსონესის მაგალითზე. არქეოლ. კვლევა-ძიების შედეგად გამოვლენილია სამეურნეო მიწის ნაკვეთები (კლეროსი), აგრეთვე მათი შემომსაზღვრელი ქვის ყორეები, ხოლო მის შიგნით – სახნავ-სათესი, საბაღვენახე ფართობები. მიწას ამუშავებდნენ რკინის სახნისით, ორპირა თოხებითა და წერაქვებით; მოსავლის ასაღებად იყენებდნენ რკინის ნამგალს. ჩრდ. შავიზღვისპირეთში მაღალ დონეზე იდგა მარცვლეულის (ხორბალი, ფეტვი, ქერი და სხვ.) მოყვანა და მევენახეობა-მეღვინეობა, რასაც მოწმობს არქეოლ. გათხრებისას მრავლად აღმოჩენილი საწნახლები.
შავიზღვისპირეთის ა. ქ. (სინოპი, ამისოსი, აპოლონია, პანტიკაპეონი) ხელოსნური წარმოების მსხვილი ცენტრები იყო. თითქმის ყველა ქალაქში არსებობდა მძლავრი კერამ. წარმოება (მხატვრული კერამიკა, სუფრისა და სამზარეულოს ჭურჭელი, კრამიტი), რ-იც თავისი ნაწარმით ამარაგებდა ირგვლივ მდებარე სასოფლო თემებს. ქ. ოლბია სახელგანთქმული იყო ბრინჯაოს დამუშავებით (განსაკუთრებით სარკეების დამზადებით), ხოლო პანტიკაპეონი – საიუველირო ნაწარმითა და ტორევტიკით. ქ-ებში იყო მარილისა და თევზის დასამზადებელი სარეწებიც.
შავიზღვისპირეთის ქ-ებს ცხოველი სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა ჰქონდა ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებთან, საიდანაც შემოჰქონდათ ფუფუნების საგნები, თიხისა და ლითონის მაღალმხატვრული ნაწარმი, ზეითუნის ზეთი, ძვირფასი ლითონები, ქსოვილები, ნელსაცხებლები და სხვ. ექსპორტის მთავარ საგანს შეადგენდა ხორბალი (ჩრდ. შავიზღვისპირეთიდან), მსხვილფეხა საქონელი, დამარილებული თევზი, ხე-ტყე (კოლხეთიდან) და სხვ. თითქმის ყველა დიდი ქალაქი ჭრიდა საკუთარ ვერცხლის ან სპილენძის მონეტას. შავიზღვისპირეთის ა. ქ-ის ხელოვნება თავდაპირველად (ძვ. წ. VI – V სს.) არსებითად არ განსხვავდებოდა ბერძნ. სამყაროს მხატვრული კულტურისაგან, მაგრამ თანდათანობით ზოგიერთ მათგანში (ბოსფორის სამეფოს ქ-ებში) ისახებოდა საკუთარი მხატვრული სტილი ადგილ. (სკვითური, თრაკიული) მხატვრული ნაკადით. არქეოლ. გათხრებისას აღმოჩენილია ხუროთმოძღვრების, კერამიკის, ოქრომჭედლობისა და მხატვრობის მრავალრიცხოვანი ნიმუში. პანტიკაპეონის საოქრომჭედლოებში საგანგებოდ მზადდებოდა ოქროსა და ვერცხლის სამკაულები სკვითებისათვის. შავიზღვისპირეთის ა. ქ-ის რელიგია არსებითად ბერძნ. იყო: თაყვანს სცემდნენ ოლიმპიური პანთეონის უმთავრეს ღვთაებებს (ზევსი, ათენა, აპოლონი, აფროდიტე, ჰერმესი). ელინისტურ ხანაში ფართოდ იყო გავრცელებული დიონისეს კულტიც. ამას გარდა ზოგიერთ ქ-ში თაყვანს სცემდნენ ამ ქალაქის მფარველ ღვთაებებს, რ-თა სახე ადგილ. ღვთაებების გავლენით წარმოიშვა: „პონტოს მპყრობელი აქილევსი“ ოლბიაში, „ქალწულის“ კულტი ფანაგორიაში და ა. შ.
შავიზღვისპირეთის ა. ქ. გარშემორტყმული იყო მძლავრი გალავნითა და კოშკებით. დიდი ქ-ები შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ბორცვზე აღმართული შიდაციხისა (აკროპოლისი) და ქვედა ქალაქისაგან. ქ-ების ერთი ნაწილი (აპოლონია, ოლბია, ფანაგორია) ე. წ. რეგულარული პრინციპით იყო დაგეგმარებული: სწორკუთხა მოყვანილობის კვარტალებს ჰყოფდა ურთიერთგადამკვეთი სწორი ქუჩები. პანტიკაპეონი, რელიეფის მიხედვით, ტერასებად იყო დანაწილებული. ქალაქის საზ. ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა აგორა. ოლბიაში აღმოჩენილია აგორა, რ-ის ფართობი 1,5 ჰა-ს უდრიდა. არქეოლ. გათხრების შედეგად ზოგიერთ ქალაქში დადასტურებულია ათლეტთა სავარჯიშოდ განკუთვნილი საგანგებო შენობები (პალესტრა, გიმნასიონი). თითქმის ყველა დიდ ქალაქში იყო თეატრი. შავიზღვისპირეთის ა. ქ-მა დიდი გავლენა მოახდინეს ადგილ. მოსახლეობაზე. დას. და, განსაკუთრებით, ჩრდ. შავიზღვისპირეთში უკვე ძვ. წ. VI – V სს-ში შეინიშნება ადგილ. მოსახლ. სწრაფი ელინიზაცია, ფართოდ იკიდებს ფეხს ანტ. კულტურა. მონათმფლობელურ პოლისებთან ურთიერთობამ დააჩქარა თრაკიულ და სკვითურ ტომებში, აგრეთვე ტავრებსა და სინდებში, პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასების წარმოქმნის პროცესი. რაც შეეხება აღმ. სანაპიროს (კოლხეთს), აქ ბერძნებს არ მოუტანიათ ელინური სოც. და პოლიტ. ორგანიზაციის რთული ფორმები და არც რამდენადმე გადამწყვეტი როლი შეუსრულებიათ კოლხეთის სოც.-პოლიტ. წყობილების ფორმირებაში, მატერ. კულტურის განვითარებაში. არქეოლ. მასალები ადასტურებს კოლხეთის როგორც ზღვისპირა, ასევე შიდა რ-ნების კულტ. ერთიანობას, რ-იც გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კოლხ. კულტ. მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზეა დაფუძნებული. შავიზღვისპირეთის ა. ქ-ის პოლიტ. ისტორია წერილობითი წყაროების სიმცირის გამო ნაკლებადაა ცნობილი. ძვ. წ. II ს. დასასრ. და I ს. დასაწყ. სამხრ.-აღმ. და ჩრდ. შავიზღვისპირეთის ქ-ები პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა დაიმორჩილა. ახ. წ. პირველ საუკუნეებში შავიზღვისპირა ქ-ები რომაელებმა დაიპყრეს და ფაქტობრივად სამხ. ბანაკებად გადააქციეს.
II – III სს-ში იწყება „ბარბაროსული“ ტომების მოძალება (შეინიშნება მაგ., ბოსფორის ქ-ების სწრაფი სარმატიზაცია). III – IV სს-ში ზღვისპირა ქ-ები განიცდიან გუთების ხშირ შემოსევას. ამავე ხანებში წყდება სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა ხმელთაშუაზღვისპირეთის ბერძნ. სამყაროსთან. იწყება ამ ქ-ების სწრაფი დაქვეითება და IV ს. ბოლოს ისინი წყვეტენ არსებობას. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი (ტრაპეზუნტი, ისტრიე, ქერსონესი და სხვ.) კვლავ აღორძინდა ადრინდ. შუა საუკუნეებში.
ლიტ.: ლომოური ნ., კოლხეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1962; ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966; Аничные города Северного Причерноморья. Сб. Статей. Под ред. В. Ф. Гайдукевича и М. И. Максимовой, М.-Л., 1955; Блаватская Т. В., Западнопонтийские города в VII – I веках до н. э., М., 1952; Блаватский В. Д., Античная археология Северного Причерноморья, М., 1961; Гайдукевич В. Ф., Боспорское царство, М. Л., 1949; Жебелев С. А., Северное Причерноморье, М.-Л., 1953; Инадзе М. П., Приченоморские города древней Колхиды, Тб., 1968; Шелов Д. Б., Античный мир в Севером Причерноморье, М., 1956.
ო. ლორთქიფანიძე