ანტიოქიის საპატრიარქო, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია, დაარსდა IV ს-ში.
იხსენიება უკვე I მსოფლიო საეკლ. კრების (იხ. ნიკეის საეკლესიო კრება 325) მეექვსე კანონში. აერთიანებდა „აღმოსავლეთის“ დიოცეზში (მსხვილი ადმ. ერთეული) შემავალ ეკლესიებს. V ს-ში ა. ს. მოიცავდა 15 ეპარქიას. ა. ს-ს მეთაური იწოდება „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად“. ა. ს-თან საქართველოს ძველთაგანვე ჰქონდა კულტ.-რელიგ. ურთიერთობა. ძვ. წყაროები მიუთითებენ V ს-ში ა. ს-თან ქართ. ეკლესიის იერარქიულ დამოკიდებულებაზე.
VI ს-ში ქრისტ. რელიგიის დაცვა-განმტკიცების მიზნით ანტიოქიიდან საქართველოში იოანეს მეთაურობით ასურელი მამები ჩამოვიდნენ. ა. ს-ს დაკნინებული ეკონ. მდგომარეობის გამოსწორებისა და შეწირულებათა შეგროვების მიზნით ანტიოქიის პატრიარქები გვიან ხანაში შორეულ ქვეყნებშიც მოგზაურობდნენ, ერეოდნენ ადგილ. საეკლ. საქმეებში. მაგრამ ეს მხოლოდ მათი ადრინდ. გავლენის ფორმალური გამოხატულება იყო.
XV ს-ში საქართველოში ჩამოსულა ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი, 1664 და 1666 კი პატრიარქი მაკარიოსი და მისი შვილი პავლე. ა. ს-ს კათედრა ამჟამად ქ. დამასკოშია. (სირია). აერთიანებს ლიბანელ და სირ. მართლმადიდებლებს.
აქვს 6 ეპარქია სირიაში, 6 – ლიბანში, 3 – თურქეთში, თითო – აშშ-ში, ბრაზილიასა და არგენტინაში.
ბ. ლომინაძე