ანტიფონური შესრულება, მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ფორმა, რ-შიც მონაცვლეობით მონაწილეობს ორი მხარე (ორი სოლისტი, სოლისტი და გუნდი, ორი გუნდი და სხვ.).
თავისი ბუნებით დიალოგურია; აგებულია კითხვა-პასუხის, შეჯიბრის ელემენტებზე. ეს არის მუს. შესრულების ერთ-ერთი უძველესი ფორმა და დღესაც ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ხალხთა მუს. შემოქმედებაში. აღმ. საქართველოში ვხვდებით ა. შ-ის საინტერესო ფორმას – ორი სოლისტის ანტიფონური მონაცვლეობა ერთიანი, გაბმული ბანის ფონზე (მაგ., ქართლური „მეტივური“, ფშავ-ხევსურული „კაფია“ და სხვ.).
დას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული გუნდების მონაცვლეობა (სვანური ფერხულები, გურულ-აჭარული ნადურები და სხვ.), ტრიოსა და გუნდის (სამხმიანისა და ორხმიანის) მონაცვლეობა (მაგ., ხასანბეგურა). ცნობილია ა. შ. სამი ურთიერთმონაცვლე მხარის მონაწილეობითაც. ა. შ-ს ორპირულ ან ორგუნდოვან შესრულებასაც უწოდებენ. დას. საქართველოში მის აღსანიშნავად ზოგჯერ „ორბუნს“ ხმარობენ.
ს. ჟორდანია