ანტონ I

ანტონ I

ანტონ I [ერისკაცობაში თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)] [17 (28). X. 1720 – 1 (12). III. 1788, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში], სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1744 – 55, 1764 – 88, მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, გრამატიკოსი, დიპლომატი.

იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესე მეფისა და ერეკლე I-ის ასულის – ელენეს (ელისაბედის) შვილი. იზრდებოდა თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილთან ერეკლე II-თან ერთად, თეიმურაზ II-ისა და მისი მეუღლის თამარის მზრუნველობით. ა. I-ის აღზრდაში მონაწილეობდნენ დავითგარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი სპირიდონი, კათოლიკე მისიონერები, პამფილიის ეპისკოპოსი პართენი და სხვ. 15 წლის ა. I დაინიშნა გივი ამილახვრის ქალიშვილზე.

1735 წ. 6 ოქტ. თბილისში შემოსულმა ირან. სარდალმა თამაზ-ხანმა (1736-იდან ნადირ-შაჰი) საცოლე წაჰგვარა და სასიმამროც აიძულა უხმოდ დამორჩილებოდა მის ნებას. ამან ა. I-ზე მძიმე გავლენა იქონია, რის გამოც დავითგარეჯის უდაბნოს შეეხიზნა, შემდეგ იმერეთში გადავიდა. 1738 გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით.

1739 გახდა გელათის წინამძღვარი, 1740-იდან – ქუთათელი მიტროპოლიტი. 1743-იდან სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდა დავითგარეჯში, 1744 აირჩიეს აღმ. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად. ამ დროიდან იწყება მისი დიდი და ნაყოფიერი მოღვაწეობა საეკლ., სახელმწ. და სამეცნ.-ლიტერატურულ დარგში. ა. I მხარს უჭერდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცება-გაძლიერებას და მისი ავტორიტეტის ამაღლებას. ა. I ერეკლე II-თან ერთად აქტიურად ჩაება ქვეყნის „გამოხსნისა და აღდგომისათვის“ ბრძოლაში. ერეკლე II-ის აღიარებით, ა. I იყო მისთვის მრავალმხრივი მასწავლებელი, „ძნელად საპოვნელი და საფიქრო და შესამართავი“. ა. I ყოველნაირად ცდილობდა მტკიცე სამეფო ხელისუფლება გამოეყენებინა შერყეული საეკლ. ცხოვრების აღსადგენად და განსამტკიცებლად. მან ორიენტაცია აიღო დას. ევროპაზე და კავშირი დაამყარა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებთან. ა. I ერეკლე II-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეწყო ევრ. კაპიტალის გავრცელებისათვის საქართველოში. ამით ადგილობრივ სომხ. ბურჟ. ფენას საშინაო ბაზარზე მონოპოლიური უფლება ეზღუდებოდა. ამასთან, მისი სურვილი იყო, რომ მისიონერთა გამოცდილება გამოეყენებინა განათლების გავრცელებასა და სამეცნ.-ლიტერატურული ცოდნის განვითარებაში. ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, ა. I-ს „გაკათალიკება“ („გაფრანგება“) შესწამეს და „მწვალებლად“ აღიარეს.

1755 წ. 16 – 23 დეკ. საეკლ. კრებამ ა. I კათალიკოსობიდან გადააყენა. 1756 წ. 4 აპრ. მორიგ კრებაზე ითხოვა ღვთისმსახურების უფლების დაბრუნება და რუსეთში წასვლა. მოსკოვში სინოდის წინაშე ა. I-მა თავი გაიმართლა და 1757, იმპ. ელისაბედის ბრძანებით, დაინიშნა ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად. 1762, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე II-მ გამოიწვია რუსეთიდან და 1763 წ. 1 მარტს ა. I თბილისში ჩამოვიდა. 1764 საეკლ. კრებაზე ზ. გაბაშვილის ჯგუფი დამარცხდა, იოსებ კათალიკოსი გადააყენეს და ა. I კვლავ აირჩიეს საქართვ. კათალიკოს-პატრიარქად. ა. I მტკიცედ შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართ. ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვას, ბრძოლას მეფისა და კათალიკოსის ხელისუფლებათა განსამტკიცებლად. აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს; მძაფრად ილაშქრებდა სომეხ მონოფიზიტთა იმხანად განსაკუთრებით გააქტიურებული პროპაგანდისტული შემოტევების წინააღმდეგ.ა. I მთელი ქართ. საეკლ. ცხოვრების უდიდესი რეფორმატორი იყო, რასაც კარგად მოწმობს მის მიერ ჩატარებული საეკლ. კრებები. მან ახ. ენერგიით განაგრძო დროებით შეწყვეტილი საეკლ. და სამეცნ.-ლიტერატურული მოღვაწეობა.

1772 ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 რუს.-საქართველოს ხელშეკრულებისათვის. ა. I-ის მეცადინეობის შედეგად 1762 – 63 განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 კი რეორგანიზდა  „ახალ სტამბად“. ა. I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბ-კების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნ. სხვა დარგების განვითარებას. მკვიდრ ნიადაგზე დააყენა განათლების საქმე: ერეკლე II-ის მხარდაჭერითა და დახმარებით ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები თანდათან გარდაქმნა სახელმწ. ტიპის სკოლებად. აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილ. (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში.

ერეკლე II-თან ერთად შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი (თბილისში, გორსა და თელავში). მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინ. და ნათარგმნი წიგნები („ქართული ღრამმატიკა“, 1753; მეორე, მოკლე რედაქცია – 1767).

ა. I-მა ამაგი დასდო როგორც სას. მწერლობის მრავალ დარგს, ასევე მხატვრულ ლიტ-რასაც. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მას ლიტურგიკული მწერლობის განვითარებაში. 1740-იდან დაიწყო „სადღესასწაულოზე“ მუშაობა. ამ ეტაპზე მან დაამთავრა ე. წ. ტრად. რედაქციის სადღესასწაულოთა თვენთან დაახლოება (ხელნაწ. ეროვნული ცენტრი, A – 151). რუსეთში ცხოვრების დროს მან დაამუშავა სადღესასწაულოს სრულიად ახ. ტიპი; შექმნა კრებული (ხელნაწ. ეროვნული ცენტრი, S – 1464), რისთვისაც საეკლ. კალენდარში ჩაატარა საფუძვლიანი რეფორმა: მთელი სისრულით წარმოადგინა მსოფლიო ორთოდოქსული ეკლესიის წმინდანები, ასევე სრულად შეიყვანა ქართვ. წმინდანებიც და განუსაზღვრა მათ სპეც. დღეები. ქართვ. წმინდანებზე არსებული განგებების პარალელურად შექმნა ორიგინ. ჰიმნოგრაფიული კანონები, რ-ებიც დღემდე გამოუქვეყნებელია და ბოლომდეც არ არის შესწავლილი. ა. I იყენებდა სლავ.-რუს. მასალას, თარგმნიდა ზოგიერთ კანონს. ეს სამუშაო 1758 დაამთავრა.

1768 – 69 მან შეადგინა 20 მოთხრობის შემცველი ჰაგიოგრაფიული კრებ. „მარტირიკა“, რ-იც არ იყო განკუთვნილი ეკლესიაში საკითხავად. ეს კრებული მიჩნეულია ქართ. მხატვრული პროზის აღორძინების ნიმუშად.

1769 ა. I-მა სცადა შეედგინა ქართ. კულტ. ისტორია – 860 იამბიკური სტროფის შემცველი „წყობილსიტყვაობა“, რ-იც 7 ნაწილისაგან შედგება. მე-5 და მე-7 ნაწილები ეხება ქართვ. წმინდანებს („თჳს ქართუელთა წმიდათა“), ქართვ. მეფეებს („თჳს ქართუელთა რომელთამე მეფეთა ჩინებულთა“) და ქართვ. მწიგნობრებს („თჳს ქართუელთა სიბრძნისმოყუარეთა კაცთა მწიგნობართა“); მათში მოწოდებულია ფასეული ინფორმაცია ქართ. ეკლესიის ისტ., საქართვ. ისტ. და მწიგნობრობის შესახებ. „წყობილსიტყვაობა“ პირველად გამოსცა პ. იოსელიანმა 1853, შემდეგ გამოქვეყნდა 1972 და 1980.

ა. I-ის მოღვაწეობა ქართ. ენის კვლევის თვალსაზრისით (მისი მეცნ. შესწავლა, ორთოგრაფიული წესების შემუშავება, ძვ. თეოლოგიური ტექსტების გამოცემა) დღემდე ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებას იმსახურებს: ზოგი მკვლევრის თვალსაზრისით, მან მთელი საუკუნით შეაფერხა სალიტ. ენის განვითარება; არასწორი გზით წარმართა ქართ. ძეგლების გამოცემა; სალიტ ენას თავს მოახვია მიუღებელი ორთოგრაფიული წესები; მასვე მიაწერდნენ სამი სტილის თეორიის დამკვიდრებას საქართველოში. ა. I-ის „ქართული ღრამმატიკა“ პირველი სრული სასკოლო გრამატიკაა. იგი მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით: 1. ენის მეცნ. კვლევის სიღრმით; მიუხედავად უცხო ენათა გრამატიკების გავლენისა და იმ შეცდომებისა, რ-თაც ა. I ვერ ასცდებოდა იმდროინდელი ენათმეცნ. აზროვნების პირობებში, იგი განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიციის წყალობით არჩევს და აღნუსხავს ქართ. ენისათვის ნიშანდობლივ მნიშვნელოვან ფონეტ., მორფოლ. და სინტაქსურ თავისებურებებს; 2. სალიტ. ენის გრამატ. და ორთოგრაფიული ნორმების ჩამოყალიბებით მან შექმნა ქართველთა სახელმწიფოებრივი და ეროვნ. ერთიანობის ერთ-ერთი მძლავრი დუღაბი, რ-იც განამტკიცებდა ქვეყანას XVIII ს. II ნახ. და XIX ს. I ნახევარში – მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში. ა. I-მა „ქართული ღრამმატიკის“ I რედაქციაში აღნიშნა მხითარ სებასტიელის მსჯელობა სამი სტილის შესახებ და ქართ. მწერლობაში მიუთითა იმ ნაშრომებზე, რ-ებიც თავისი სტილით შეესაბამებოდნენ საყოველთაოდ ცნობილ მაღალ, საშ. და დაბალ სტილებს. „მამათა და შვილთა“ კამათში (XIX ს. 60-იანი წწ.) ლაპარაკია მხოლოდ ლომონოსოვის სამი სტილის თეორიაზე. ა. I არ არის მოხსენიებული ამ საკითხზე დავაში, რადგან იგი საერთო ენის დამკვიდრებისთვის იბრძოდა და ამ მიზნით ერეკლე II-ის ავტორიტეტსაც კი მიმართავდა. ა. I-ს მიზნად არ ჰქონდა ძვ. ქართ. ძეგლების გამოცემა ენობრივი განვითარების წარმოსაჩენად, იგი მათ აფასებდა როგორც თეოლ.-ფილოს. მემკვიდრეობას და ცდილობდა ამ გამოცემებში გაეტარებინა უკვე მიღებული ორთოგრაფიული ნორმები. ა. I იმდროინდელი სალიტ. ქართულის ნორმებს აყალიბებდა ძვ. სამწერლო ენისა და იმ დროს არსებული სამეტყველო ქართულის ნორმათა შერწყმით, რაც კარგად ჩანს „ქართული ღრამმატიკის“ სახელთა და ზმნათა პარადიგმებისა და იმ სწორებათა მიხედვით, რ-ებიც ა. I-ს შეაქვს გრამატიკის II რედაქციაში.

ა. I ღრმად იყო განსწავლული ბუნებისმეტყველებაშიც. ფიზიკის პირველი ჩვენამდე მოღწეული ქართ. სახელმძღვანელოა კ. ვოლფის ნაშრომის თარგმანი („фისიკა თეორეტიკებრი ვოლфიუსისა“), რ-ითაც ა. I თვითონ ასწავლიდა ფიზიკას თბილ. სემინარიაში (მის ლექციებს ერეკლე II-ც ესწრებოდა). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართ. ტერმინოლოგიის დადგენაში. თარგმანს დართული აქვს ა. I-ის 246 კომენტარი.

ა. I-ის ფილოს. მსოფლმხედველობა ძირითადად გატარებულია მისი ორიგინ. („სპეკალი“, „კატიღორია- სიმეტნე“, „მზამეტყველება“ და სხვ.) და ნათარგმნი თხზულებების (ფ. ბაუმაისტერის „მეტაფიზიკა“, „ლოგიკა“, „ზნეობრივი ფილოსოფია“) წინასიტყვაობებსა და მრავალრიცხოვან კომენტარებში. იგი ობიექტური იდეალისტია; სამყაროს უკანასკნელი ინსტანციის არსებად (სუბსტანციად) თვლის ღმერთს. სული მარადიულია, სხეულისაგან დამოუკიდებელი და მისი არსება („არსება არს სული“).

ფილოსოფია არის სინამდვილის უკანასკნელი მიზეზების შემეცნება. ბუნება რეალობაა, რ-ის უზოგადეს კანონზომიერებას ნატურფილოსოფია სწავლობს. მატერ. სხეულების უძირითადესი ნიშანია განფენილობა. განფენილი შედგება ნაწილებისაგან, მოძრაობს, გრძნობადია, მატერ. სამყაროს შემადგენელი ელემენტებია ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. ა. I-ს ეკუთვნის აგრეთვე ისტ. თხზულება „ქართველ მეფეთა შთამომავლობა“, „მოკლე ისტორია საქართველოსი“, თარგმანები და სხვ.

ა. I-მა დიდი გავლენა მოახდინა XVIII ს. II ნახ. და XIX ს. I ნახ. ქართულ ფილოს. და საზ. აზროვნებაზე, მწერლობასა და მეცნიერებაზე. ჯერ კიდევ XVIII ს-ის 40-იანი წლებიდან ა. I-მა აღზარდა მრავალი მწიგნობარი, მეცნიერი, მწერალი და შექმნა მთელი სკოლა, რ-ის წარმომადგენლები იყვნენ იონა გედევანიშვილი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, გაიოზ და დავით რექტორები და მრავალი სხვა.

თხზ.: მზა-მეტყველება, პ. კარბელაშვილის რედ., ტფ., 1892; ქართული ღრამმატიკა, რ. ერისთავის გამოც., ტფ., 1885.

ლიტ.: ავალიანი ს., ანტონ პირველი (ბაგრატიონი), თბ., 1987; ბაბუნაშვილი ე., ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1970; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ფრანგიშვილი ა., ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში (XVII – XVIII სს. და XIX ს. დასაწყისი), თბ., 1959; ქავთარია მ., XVIII ს. ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, თბ., 1977.


ა. როგავა

ე. ბაბუნაშვილი

თ. უთურგაიძე

მ. ქავთარია