ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) (8. I. 1762, თბილისი, – 21. XII. 1827, ნიჟნი-ნოვგოროდი), აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1788 – 1811, ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.
მიიღო კარგი საერო და სას. განათლება. XVIII ს. ბოლოს, რუს.-საქართვ. სამხ.-პოლიტ. კავშირის ჩამოყალიბების დროს, საეკლ. ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადრება მიექცა. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) მომზადებისას ა. II რუსეთს გაემგზავრა. ცარსკოე-სელოში, სასახლის ეკლესიაში ნინოწმინდის (კახეთი) ეპისკოპოსად აკურთხეს.
იმპ. ეკატერინე II-მ ძვირფასი საჩუქრები უბოძა. დაუსწრებლად აკურთხეს აგრეთვე ალავერდის (კახეთი) ეპისკოპოსად. მალე გენ.-ფელდმარშალმა გ. პოტიომკინმა ა. II პეტერბურგიდან სამხრეთში, თავის ბანაკში წაიყვანა, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო უკრაინაში, ყირიმში და სხვ. კათალიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის გარდაცვალების (1788) შემდეგ ა. II, ადრევე მის მემკვიდრედ დასახელებული, საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმპ. პავლე I-მა ა. II ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულით დააჯილდოვა.
საქართველოს რუს. იმპერიასთან შეერთების შემდეგ (1801) საქართვ. ეკლესია კავკასიაში რუს. პოლიტიკის დასაყრდენი შეიქნა. იმპ. ალექსანდრე I-მა ა. II-ს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი უბოძა. შემდგომში რუს. საიმპერატორო კარის დამოკიდებულება საქართვ. ეკლესიისადმი შეიცვალა. რუს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართვ. ეკლესიის დამორჩილება. ა. II-ს ბრალი დასდეს ქართ. ტრად. სამართლის მიხედვით მიწისმფლობელობის წესის დარღვევაში. ამასთან, მას დაუპირისპირეს თბილ. მიტროპოლიტი არსენ თბილელი. 1810 წ. 3 ნოემბ. ა. II პეტერბურგს გაემგზავრა. 1811 დასაწყისში რუს. მთავრობამ გააუქმა ქართ. ეკლესიის ავტოკეფალია და იგი რუს. სინოდს დაუქვემდებარა. მალე ა. II აირჩიეს რუს. ეკლესიის საბჭოში (სინოდში), დააჯილდოეს მანტიით, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით, დაუნიშნეს 54 ათ. მან. წლიურად. ა. II-მ საცხოვრებლად აირჩია ნიჟნი-ნოვგოროდი. თავდაპირველად სოფ. ლისკოვოში დასახლდა, სადაც ქართ. ეკლესიაში ეწეოდა ღვთისმსახურებას.
1824 ნიჟნი-ნოვგოროდში გადავიდა და ქართველთა ძირითადი სალოცავის ღვთისმშობლის საფარვლის მონასტრის ხარლამპის ეკვდერში წლების მანძილზე ეწეოდა ღვთისმსახურებას ქართ. ენაზე. ქართ. წირვა-გალობის შესასრულებლად მას ხშირად იწვევდნენ რუს. ეკლესიებში. ა. II-მ ძველისძველი წმ. სამების ხატი შესწირა ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარ ტაძარს. იგი ფლობდა მდიდარ წიგნსაცავს, რ-ის ნაწილი წაღებული იყო ანტონ I-ის ბ-კიდან.
გარდაიცვალა იქვე. მისი დაკრძალვა დიდ ეროვნ. გლოვად გადაიქცა. 1841 სექტ. ა. II-ის ნეშტი ფერისცვალების ახალ მონასტერში გადაასვენეს.
ფ. სიხარულიძე