ანტონ გენათელი, საეკლესიო მოღვაწე, გელათის მთავარეპისკოპოსი XVI ს. II ნახევარში; ადრე აწყურის ეპისკოპოსი (მაწყვერელი). დატოვა აწყური სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა მომძლავრებისა და ქრისტ. ეკლესიის შევიწროების გამო. ა. გ. მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510 – 65) მიერ მოწვეულ საეკლ. კრების მუშაობაში, ხელისმოწერით დაამტკიცა ამ კრებაზე შემუშავებული მკაცრი კანონები ტყვეთა სყიდვის და ზნეობრივ - ქრისტ. წეს-ჩვეულებების და მრღვევთა წინააღმდეგ (იხ. „კათალიკოსთა სამართალი“).
1584 შეაკეთა და მოახატვინა გელათის ტაძრის ჩრდილოეთის კარიბჭე, რ-ის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში ა. გ. იხსენიება.
ლიტ.: ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან. სენიორიები, [ტ.] 1, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე