ანტონი დიდი

ანტონი დიდი (კომა, შუა ეგვიპტე, დაახლ. 250 – 356), წმინდანად შერაცხილი ქრისტიანი განდეგილი.

დაიბადა შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. ა. დ-მა ქონება გლახაკებს დაურიგა და 20 წლისა უდაბნოში, წითელი ზღვის ახლოს დასახლდა. ქრისტ. ეკლესია ა. დ-ს მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლად მიიჩნევს. უწოდებენ „მონაზვნობის მამას“.

ითვლება შინაური პირუტყვის მფარველად (მოხსენიების დღე 17 (30) იანვ.). ა. დ-ის ცხოვრება აღწერა ათანასე ალექსანდრიელმა. მისი სახე აისახა მხატვრულ ლიტ-რასა (გ. ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნება“) და მხატვრობაში.

ძველადვე უთარგმნიათ ქართულად ა. დ-ის „სწავლანი“ და შვიდი ეპისტოლე (კოპტურ ენაზეა მიწერილი ეგვ. სხვადასხვა მონასტრისადმი). ჩვენამდე მოღწეულია „სწავლანის“ ქართ. თარგმანის რამდენიმე რედაქცია. უძველესი ქართ. თარგმანი შემოუნახავს ქართ. „მრავალთავებს“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდი, A – 95, A – 1109). ა. დ-ის „სწავლანი“ შესულა „მამათა სწავლანის“ კრებულშიც („Apophthegmata Patrum“).

ქართ. ენაზე არსებობს ამ კრებულის 3 თარგმანი, მათგან ორი გამოცემულია.

გამოც.: Garitte J., Lettres de S. Antoine. Version géorgienne et fragments coptes. Testi, «Corpus Scriptorum Chistianorum Orientalium», v. 148 – 149 (Iber. 5 – 6), Louvain, 1955; შუა საუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები, მ. დვალის გამოც., [ტ.] 1 – 2, თბ.; 1966 – 74.

ლიტ.: ათანასე ალექსანდრიელი, ცხოვრებაჲ წმიიდისა ანტონისი, ვ. იმნაიშვილის გამოც., თბ., 1970; Altaner B., Stuiber A., Patrologie, Leben, Schriften und Lehre der Kirchenväter, 7-te völlig neubearb. Aufl., Freiburg, Basel, Wien, 1966, S. 261 – 262.


რ. მიმინოშვილი