ანტონოვი ზურაბ ნაზარის ძე

ზ. ანტონოვი

ანტონოვი ზურაბ ნაზარის ძე [9 (21). II. 1820, გორი, _ 9 (21) ან 13 (25). XII. 1854, თბილისი], ქართველი დრამატურგი.

დაიბადა წვრილი ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ _ მამისეულ სავაჭროში. 1851 ჩაირიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში მსახიობად. იქვე დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით (1854 ნოემბ.-დეკ.) თეატრის ხელმძღვანელიც იყო.

ჩვენამდე ა-ის შვიდმა პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“ (1851), „განა ბიძამ ცოლი შეირთო?“ (1852), „მზის დაბნელება საქართველოში“ (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876), „ქმარი ხუთის ცოლისა“ (დაიდგა 1852, დაიბეჭდა 1852), „ქორწილი ხევსურთა“ (1852), „ქორწილი“ (1853), „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ (1854). ა. აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. მის შემოქმედებაში უკვე შეიმჩნევა დრამატურგიის ერთგვარი დემოკრატიზაციის ტენდენცია: თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლ. დაბალი ფენები _ მეზურნეები, საზანდრები. მანვე ქართ. ლიტ-რაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად. ამ რეალისტურ ფონზე ა. წარმოგვიდგენს XIX ს. საქართვ. ქალაქისა და სოფლის ცხოვრების ცოცხალ, კოლორიტულ სურათებს, ასახავს „ძველი“ და „ახალი“ თაობის ბრძოლას, დასცინის უნიათო, ყალბ პატრიოტიზმს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხ. იუმორმა პიესების ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა. ა-ის ზოგი პიესა დღემდე შემორჩა ქართ. თეატრის სცენას. კერძოდ, „მზის დაბნელება საქართველოში“ კ. მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის თეატრში და წარმოდგენას დიდი და ხანგრძლივი წარმატება ხვდა წილად.

თხზ.: თხზულებანი, ტფ., 1876; მზის დაბნელება საქართველოში (ნამდვილი კომედია 3 მოქმედებად), თბ., 1955.

ლიტ.: აბრამიშვილი ე., ზურაბ ანტონოვი, ბათ., 1958; გამეზარდაშვილი დ., ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1957; ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, [ტ.] 2, თბ., 1962.


ე. აბრამიშვილი