ანტონოვსკაია ანა არნოლდის ასული [31. XII. 1885 (12. I. 1886), თბილისი,-21. X. 1967, მოსკოვი], რუსი მწერალი.
დაიბადა მხატვარ-გრავიორის არნოლდ ვენჟერის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქ. ყარსის მარიამის ქალთა სასწავლებელში. 1909 დაამთავრა თბილ. სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნ. სკოლა. მონაწილეობდა 1905 რევ. მოძრაობაში. 1918 მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა არტისტერიუმი, რ-იც მიზნად ისახავდა ფართო მასების დაინტერესებას საქართვ. ისტ. წარსულით, მისი კულტ. მემკვიდრეობით. ალმანახ „ARS“-ში და ჟურნ. „აკმეში“ (1918 – 19) დაიბეჭდა ა-ს პირველი ნაწარმოებები („ბაკქი ქალი“, „ზღაპარი“, „ბინდი“, „ცეცხლი“).
1921 – 22 დაწერა რამდენიმე პიესა და ინტერმედია თბილ. რევ. თეატრისათვის. პიესა „ყვავილების რევოლუცია“ გამოქვეყნდა ქართ. ენაზე (ჟურნ. „ნორჩი ძალა“, 1921). XX ს-ის 10 – 20-იანი წლების ამბები მწერალმა შემდგომში ასახა „ქართული ნოველების“ ციკლში, ისტ.-რევ. მოთხრობაში „ბათუმის რეიდზე“ (1948), კინოსცენარში „ცეცხლის ტრანსპორტი“ (1930, გადაიღეს ლენინგრადში) და რომანში „მშვიდობის ანგელოზები“ (1945 – 46, თანაავტორი ბ. ჩორნი).
მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მონუმ. ისტ. რომან-ეპოპეა „დიდი მოურავი“ (წგნ. 1 – 6, 1937 – 58; სსრკ სახელმწ. პრემია, 1942, I წიგნისათვის). მასში პირველად თანადროულ რუს. ლიტ-რაში დიდი მხატვრული ძალით აისახა ქართვ. ხალხის ისტ. წარსული, თავგანწირული ბრძოლა ირან-ოსმ. აგრესიისა და ფეოდ. რეაქციის წინააღმდეგ XVI – XVII სს-ში. რომანში ისტ. სიმართლით და მხატვრული დამაჯერებლობით არის დახატული გიორგის სააკაძის გმირული სახე. რომანი თარგმნილია ქართ., ჩეხურ, პოლ. ენებზე. ა-ს სცენარის მიხედვით (თანაავტორი ბ. ჩორნი) დაიდგა ორსერიიანი ქართ. მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე“ (1942 – 43, რეჟ. მ. ჭიაურელი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: დიდი მოურავი, წგ. 1 – 6, თბ., 1950 – 66.
ლიტ.: ხუნდაძე ნ., ქართული თემა რუსულ პროზაში (ანა ანტონოვსკაია), კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 4, თბ., 1974; Гавашели Г., Великий патриот, «Литературная Грузия», 1986, № 5; Жгенти Б., Эпопея о национальном герое Грузии (Вступит. статья к «Великому Моурави» Антоновской А. А.), кн. 1, Тб., 1977; Тавзишвили Г., Анна Антоновская, Тб., 1958; Черный Б., Связь времен, Тб., 1974.
გ. გავაშელი