ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (გ. 1815), საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი 1777 – 89; ადრე, დაახლ. 1761-იდან, ცაგერის ეპიკოპოსი. ოდიშის მთავრის ოტია დადიანის ძე.
განათლება მიიღო მარტვილის მონასტერში და კათოლიკე ბერებთან. დაახლ. 1757 სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა (მისი ბიძაშვილი _ კაცია დადიანის ასული დარეჯანი ერეკლე II-ის მეუღლე იყო); აქედან _ თელავში, სადაც სას. სასწავლებელში მას ასწავლიდა ზ. გაბაშვილი. ა. ც.- ჭ-მა სახელი გაითქვა მჭევრმეტყველური ქადაგებებით, მის ნიჭს დიდად აფასებდა კათალიკოსი ანტონ I. ა. ც.-ჭ-ის ქადაგებანი დოგმატურ-რელიგიური ხასიათისაა, თუმცა ზოგ მათგანში თავი იჩინა სოც. საკითხებმაც; სოც. უსამართლობას იგი ქრისტ. მორალიდან გადახვევად მიიჩნევდა.
ა. ც.-ჭ. გამოირჩეოდა ფართო საზ. საქმიანობით: მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობას, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ; დამნაშავეებს შეაჩვენებდა, უკრძალავდა ქრისტ. მღვდელმსახურებას (გარდა ნათლისცემისა). ამგვარი დადგენილება გამოიტანა მისი თავ-რეობით მოწვეულმა საეკლ. კრებამ 1792 და 1794. ამის შედეგად დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ და გაყიდული ტყვეების გამოხსნაზე ზრუნავდნენ.
დიდად შეუწყო ხელი გურიასა და ოდიშს შორის შფოთისა და მტრობის აღკვეთას. 1788 ა. ც.-ჭ-მა მარტვილის, ნახარებოუს და საირმის მონასტრებს დიდძალი მამული დაუმტკიცა და დადიანებისაგან საგადასახადო შეუვალობა მოუპოვა. 1789 თავი დაანება ჭყონდიდლობას და კათედრა თავის ძმისშვილს ბესარიონს გადასცა. მათ შორის კონფლიქტი ჩამოვარდა. 1792 ბესარიონი გადააყენეს და კათედრა ა. ც.-ჭ-ის ძმას იოანე ცაგარელს გადაეცა. მალე იოანემ თვითონ დაანება კათედრას თავი. ბესარიონმა ისევ დაიბრუნა კათედრა და მალე შეურიგდა ანტონს.
თხზ.: ქადაგებანი, თ. ჟორდანიას გამოც., ქუთ., 1898.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ნ. მახათაძე
ბ. ლომინაძე