ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, გლონისთავის ძე, XII – XIII სს. საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
თამარის მეფობის პირველ წლებში (დაახლ. 1185) ვაზირობა წაართვა მიქაელ კათალიკოსმა. ჰყავდა ორი ძმა, რ-ებიც მოკლეს თამარის წინააღმდეგ ამბოხებულმა კახაბერისძეებმა. ა. ჭ.-მ. ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში. მიქაელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) უბოძა.
მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია, გელათი). თამარ მეფის 1195/96 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ა. ჭ.- მ-ს ამ მონასტრისთვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.
წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ვაჰანის მონასტრის 1184 – 1207 სამშენებლო წარწერა იჩქით გურგენისძისა, წგ.: ოთხმეზური გ., XII – XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981; თამარ მეფის სიგელი მღვიმისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984.
ნ. შოშიაშვილი