ანფიმოვი იაკობ ათანასეს ძე [1852, ქ. სევსკი, ორიოლის გუბ. _ 1930, თბილისი], რუსი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი.
პეტერბ. სამედ.-ქირურგ. აკად. დამთავრების (1880) შემდეგ მუშაობდა ორდინატორად თბილ. სამხ. ჰოსპიტალში. 1885 – 92 პეტერბ. სამხ. სამედ. აკად. ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრაზე მუშაობდა ჯერ ორდინატორად და ასისტენტად, ხოლო სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ - პრივატ-დოცენტად. 1892 – 94 განაგებდა ტომსკის უნ-ტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას, 1894-იდან კი 25 წლის განმავლობაში - ხარკოვის უნ-ტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას; აქვე მიიღო დამს. პროფესორის წოდება.
1920 – 25 ა. იყო თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე. შეისწავლიდა თავის ტვინის ტრავმებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვ. შექმნა ორიგინ. რეოსტატი, რ-საც ფართოდ იყენებენ იონოთერაპიაში. იყო კავკ. ექიმთა საზ-ბის თავ-რე.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: Кавтарадзе П. П., Жизнь и деятельность профессора Я. А. Анфимова, Тб., 1960.
ვ. აბაშიძე