ანჩის კარედი ხატი, ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, შუა საუკუნის ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში – კარედი ხატი (ტრიპტიქონი, სიმაღლე 146,5 სმ, სიგანე გაშლილი კარით 156 სმ) სხვადასხვა დროის ნაწილებით, მოოქრული ვერცხლი.
თავდაპირველად ინახებოდა ანჩის (სამხრ. საქართველო, ისტ. კლარჯეთი) მონასტერში; სახელიც აქედანაა. მოგვიანებით ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახს ეკუთვნოდა. XVII ს-ში თბილისს ჩამოიტანეს და დაასვენეს ძვ. ეკლესიაში, რ-საც ანჩისხატი ეწოდა. ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში. კარედი შესრულებულია „ხელთუქმნელი ხატისათვის“ (105X71 სმ).
მაცხოვარი გამოსახულია წელზევით, მაკურთხებელი მარჯვენით და ხელში სახარებით. სახე შესრულებულია ცვილოვანი საღებავით (ენკაუსტიკური ტექნიკით, VI – VII სს.). ხატის ორნამენტული და რელიეფური ფიგურებით დამშვენებული ჩარჩოს ავტორია ბექა ოპიზარი. ანჩის ხატის ჩარჩო მან მოჭედა თამარ მეფის სურვილითა და მისი ხარჯით, ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელრკინაელის შეკვეთით. ხატის წარწერა გვამცნობს: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.
ჩარჩოს მოჭედილობა ქართ. ჭედური ხელოვნ. განვითარების გარკვეული ეტაპის დამახასიათებელი ნიმუშია. ბექამ ფიგურათა დამუშავება საერთო დეკორ. ამოცანებს დაუკავშირა. ჩარჩოზე „ვედრების“ კომპოზიციაა წარმოდგენილი, მარცხნივ _ მარიამის, მარჯვნივ _ იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ წაგრძელებული ფიგურებია, ქრისტეს გამოსახულებისაკენ ვედრებით მიმართული ხელებით. ჩარჩოს ზედა არშიის ცენტრში გამოსახულია „საყდრის“ ალეგორიული გამოსახულება – სამეფო ტახტი, ზედ აღმართული ჯვრით; კუთხეებში მთავარანგელოზების მიქელისა და გაბრიელის წელზევითა გამოსახულებებია, ქვედა არშიაზე ცენტრში _ იოანე მახარებელი, მარცხნივ კუთხეში _ პეტრე, მარჯვნივ – პავლე მოციქული.
ჩარჩოს მოჭედილობაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ორნამენტს, რ-საც უმეტესი ნაწილი უკავია; სამმაგი წრით შემოფარგლული სტილიზებული ფოთოლი გამოირჩევა თავისი მაღალი რელიეფითა და ზომით. პუნსონირებულ ფონზე ორნამენტი დიდი სიზუსტითა და ოსტატობითაა შესრულებული. ფოთლების ნახატი სხვადასხვაა. XIV ს-შია მოჭედილი კარედის შიდა მხარე დრესასწაულთა ციკლით. კომპოზიციები არათანაბარი ზომისაა. ფიგურები მოკლებულია პროპორციულობას, მცენარეული ორნამენტი მშრალია. ფიგურათა გადმოცემის თვალსაზრისით კომპოზიციებს შორის სრული თანხმობა არ არის, რაც სხვადასხვა დროის ნიმუშების მიმბაძველობით აიხსნება. კარის გარეთა მხარის მოჭედილობაში, რ-იც XVII ს. მიეკუთვნება, თავს იჩენს ევრ. ელემენტები („სერობისა“ და „თომასაგან ხილვის“ კომპოზიციები).
ლიტ.: ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956; ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; საყვარელიძე თ., XIV – XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987.
რ. ყენია