ანჩის საეპისკოპოსო, საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში. დაარსდა VI – VII სს-ში. IX – X სს-იდან ა. ს-ს ეპარქია მოიცავდა არტანუჯის მხარეს, კლარჯეთის უდაბნოებს (მონასტრებს), ლიგანის ხევის გაღმა-გამოღმა ტერიტორიას გონიომდე, მდ. ფორჩხისხევს. ამასიის ზავის (1555) პირობებით ეს მხარე ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალთა ბატონობის დროს საეპისკოპოსო გაუქმდა.
1664-თვის ა. ს. უკვე დაცარიელებული იყო. იმავე წელს თბილისში ჩამოიტანეს ა. ს-ს კათედრალური ტაძრის მთავარი სალოცავი – მაცხოვრის ხატი, რ-იც კათალიკოსმა დომენტიმ თბილ. საკათოლიკოსო ეკლესიაში დაასვენა. აქედან წარმოდგა ამ ეკლესიის ახ. სახელწოდება _ ანჩისხატი. ა. ს-ს მაცხოვრის ტაძარი მთლიანი სახით დაცული იყო XIX ს-მდე. ისტორიკოსი ვახუშტი მას აღწერს, როგორც გუმბათიანს, „დიდმშვენიერად ნაგებ“ ეკლესიას.
1879, როცა ახლად გათავისუფლებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ იმოგზაურა, ტაძარი უკვე დანგრეული იყო. ა. ს-ში შემავალ კლარჯეთის უდაბნოებს (მონასტრებს) საუკუნეების განმავლობაში ცალკე არქიმანდრიტი განაგებდა, გვიანი პერიოდიდან კი არქიმანდრიტობა უშუალოდ თვით ანჩელს მიუთვისებია. იგი იწოდება „ანჩელ მთავარეპისკოპოსად და ათორმეტთა უდაბნოთა არხიმანდრიტად“. ა. ს. და ანჩელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის შინაფეოდ.-პოლიტ. ბრძოლებში. ამ მხრივ აღსანიშნავია IX ს-ში ცქირი ანჩელი, რ-საც ა. ს-ს კათედრა თბილ. არაბი ამირას დახმარებით დაუკავებია და, როგორც მისი პოლიტიკის გამტარებელს, მრევლის უკმაყოფილება დაუმსახურებია. XI ს-ში ეზრა ანჩელი ბაგრატ IV-ის პოლიტიკის მიმდევარი იყო. XV ს. II ნახევრიდან, როცა სამცხის მთავრებმა ცენტრ. ხელისუფლებისაგან ეკლესიის ჩამოშორებისათვის ბრძოლა გააძლიერეს, ა. ს. ათაბაგთა მოკავშირედ ჩანდა (მაგ., ეპისკოპოსი ქერობინ ანჩელი), მაგრამ ათაბაგების სეპარატისტული საეკლ. პოლიტიკის მარცხთან ერთად, ა. ს. საქართვ. ცენტრ. ხელისუფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქის მხარეზე გადავიდა.
ანჩა ძვ. საქრთვ. კულტ. მნიშვნელოვანი კერა იყო. იქაურ მწიგნობართაგან ცნობილი არიან: X ს-ში – ეზრა ანჩელი, ექვთიმე პალესტინელის სადიდებელი საგალობლის ავტორი; XII – XIII სს. მიჯნაზე იოანე ანჩელი, ავტორი თხზულებისა „გალობანი ანჩის ხატისანი“, ანჩის მაცხოვრის ხატის დამკვეთი და სხვ.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; Бакрадзе Д. З., Об археологической поездке, совершенной в 1879 г. по поручению Академии наук, «Записки Имп. Академии наук», 1880, т. 37; მისივე, Заметка о Батумской области, «Известия Кавк. отдела Русского географического об-ва», 1880, в. 6, № 2.
ბ. ლომინაძე
ლ. მენაბდე