დიოდორე სიცილიელი (Diodōros ho Sikeliōtēs) [დაახლ. ძვ. წ. 90/80, ქ. აგირიონი (კ. სიცილია), – ძვ. წ. 29/21], ბერძენი ისტორიკოსი.
ცხოვრობდა ძირითადად რომში. მოვლილი ჰქონდა ევროპისა და აზიის ქვეყნები. ავტორია 40 წიგნისაგან შემდგარი „ისტორიული ბიბლიოთეკისა". I–V, XI–XX წიგნებმა სრულად მოაღწია, დანარჩენმა – ფრაგმენტების სახით.
დ. ს-ის ცნობათაგან საქართვ. შესახებ საინტერესოა ის მასალა, რ-შიც ნაჩვენებია მედეას ხასიათის ევოლუცია, რაც გამოწვეული იყო გარეშე მიზეზებით (მედეას საუბარი ტავრულ ენაზე; მისი ლოცვა კოლხური ღვთაების, მთვარის მიმართ წარმოთქმული „კოლხურ" ენაზე).
საყურადღებოა ცნობები ნინოს ასირიელის მიერ პონტოსპირეთის ტომების დაპყრობის შესახებ. კოლხი ტომების ურთიერთობა ეგვიპტელებთან ჰეროდოტეს ცნობების სიტყვასიტყვით გადმოცემას არ წარმოადგენს. კიროსის ლაშქრობა და სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთის ტომები აღწერილია ძირითადად ქსენოფონტის „ანაბასისის" მიხედვით, თუმცა მოცემულია ახ. მასალაც. დ. ს-ის „ბიბლიოთეკის" მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელს საქართველო არ დაულაშქრავს.
თხზ: Diodori Bibliotheca historica..., v. 1–5, ed. J. Teubner, Lipsiae, 1888–1906; Diodorus of Sicily, Works, Camb. (Mass.) – L., 1968.
პუბლ: ყაუხჩიშვილი თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [ტ.] 3, თბ., 1976 (გარეკანზე: 1977).
თ. ყაუხჩიშვილი